„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში საქართველომ 80-ზე მეტ ქვეყანას შორის დაიკავა მე-8 ადგილი საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა დასახელდა ერთ-ერთი ყველაზე ღია და მიმზიდველი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და უცხოელი ინვესტორებისთვის. ნათია თურნავას განცხადებით, კვლევისას შესწავლილი იქნა საქართველოს 22 ეკონომიკური სექტორი, მათ შორის, რა ბარიერები არსებობს და როგორი პრაქტიკაა ინვესტორებთან თანამშრომლობის მიმართულებით.
„სწორედ ამ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებთან მიმართებაში. რამდენიმე თვის წინ ასევე საქართველოს საინვესტიციო გარემომ დადებითი შეფასება მიიღო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, როგორც ერთ-ერთი ღია და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა და ეს არის ძალიან კარგი საწინდარი იმისა, რომ 2021 წელს, როდესაც მსოფლიო არსებითად დაძლევს პანდემიას, ჩვენ უცხოური ინვესტიციების ახალ ნაკადებს ველოდოთ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, მიდის აქტიური მუშაობა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.
„ბევრი ახალი პროექტი დაიწყო IT ინდუსტრიაში, საპორტო ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, ბევრ სხვა დარგში, მაგრამ ეს პროცესი გაძლიერდება 2021 წელს. ჩვენ ამისთვის, მთავრობასთან ერთად, ახალი ბერკეტები შემოგვაქვს იგივე პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კომპონენტის სახით. ამით ჩვენ შემოვიტანეთ წამახალისებელი მექანიზმი უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში 150-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს და განსაზღვრული რაოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. ყველაფერი ეს ერთობლიობაში მუშაობს იმის სასარგებლოდ, რომ საქართველოში 2021 წელს, როდესაც დაიწყება ჩვენი ეკონომიკის აღდგენა, უცხოური ინვესტიციები ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყოს,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.