ცხადია, როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია ბიუჯეტში შემოსავლები მცირდება. შესაბამისად, მთავრობას აღარ აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი ხარჯვითი ნაწილი დაფაროს. სწორედ ამიტომ, მთავრობა იღებს ახალ ვალს.
სახელმწიფოს ვალის აღების ორი შესაძლებლობა აქვს. მას შეუძლია ფული ისესხოს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ან რომელიმე ქვეყნისგან. გარდა ამისა, მთავრობას შეუძლია საგარეო ვალთან ერთად შიდა ვალიც აიღოს. მაგალითად, 2020 წელს საქართველოს მთავრობა აქტიურად ატარებს სახაზინო აუქციონებს, სადა ყიდის ფასიან ქაღალდებს, ანუ კერძო სექტორისგან სესხულობს ფულს. საბოლოო ჯამში, საგარეო თუ შიდა ვალის აღება დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მთავრობის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას.
თუ ჩვენ უკანასკნელი წლების მონაცემებს ავიღებთ 2016 წლიდან 2019 წლამდე ვალის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან დაახლოებით 41%-იან ნიშნულს სტაბილურად ინარჩუნებდა. უფრო კონკრეტულად, 2016 წელს სახელმწიფო ვალის მოცულობა 14,450 მლრდ ლარი იყო, 2017 წელს 16,283, მლრდ ლარი, 2018 წელს 17,795 მლრდ ლარი, ხოლო 2019 წელს სახლემწიფო ვალის მოცულობამ 20,622 მლრდ ლარი შეადგინა.
თუმცა უკვე 2020 წელს კოვიდ კრიზისმა ჩვენს ეკონომიკას მნიშნველოვანი დარტყმა მიაყენა. შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტმა მიმდინარე წლის 10 თვეში 3 მილიარდი ლარი შეადგინა, რის გამოც დამატებითი ვალი ავიღეთ. უახლესი სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი 30,648 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 6 მილიარდ ლარამდე შიდა ვალია, ხოლოდ 24,600 მილიარდი ლარი - საგარეო. ამ ყველაფერს ასევე ემატება ლარის გაუფასურება. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ლარი დოლართან 10%-ით გაუფასურდა. ლარის გაუფასურება ნიშნავს გაზრდილ საგარეო ვალს. ცხადია, როცა ქვეყანა საგარეო ვალს იღებს, ის უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული. შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის გასტუმრება, ისევ უცხოური ვალუტით გვიწევს. ხოლო მაშინ, როცა ლარი უფასურდება, ვალის ტვირთი უფრო მეტად გვეზრდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ლარის კურსის გაუფასურების გამო 2020 წლის 8 თვეში მთავრობის ვალი დაახლოებით 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის მიერ შექმნილი დოვლათის უფრო დიდი წილი წავა ვალების მომსახურებაში და არა ქვეყნის განვითარებაში.
ვალის სტრუქტურა
საგარეო ვალი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, უახლესი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 24 მილიარდ 600 მილიონ ლარს შეადგენს. ვალის 32.6% დოლარშია დენომინირებული, 30,7% ევროში, ხოლო 32.8% არის სავალუტო ფონდის მიერ გამოშვებულ სარეზერვო აქტივი(SDR). მისი ღირებულება გამოითვლება 5 ვალუტის კალათისგან, ესენია დოლარი, ევრო, ჩინური რენმინბი, იაპონური იენი და ბრიტანული გირვანქა.
კრედიტორების მიხედვით საგარეოს ვალის 68.4% მარავალმხრივ კრედიტორებზე მოდის, 18.5% კი ორმხრივ კრედიტორებზე. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ვალის 52% ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთია, ხოლო 48% ცვალებადი.
საშინაო ვალი
თუ ჩვენ ვალის სტრუქტურას ჩავხედავთ, დავინახავთ, მთლიანი საშინაო ვალდებულებების 91.5% სახაზინო ვალდებულებებსა და ობლიგაციებზე მოდის. დანარჩენი 8.5% კი ეროვნული ბანკის მიმართ სახელმწიფოს ვალს ასახავს. რაც შეეხება ფასიანი ქაღალდების პორტფელს, მათი 39.2% წარმოადგენს 5-წლიანი ვადიანობის ფასიან ქაღალდებს, 27.8% 2-წლიანიანი ვადიანობის ფასიან ქაღალდებს, 12.8-12.8%-ია 12-თვიანი და ათწლიანი ვადიანობის ქაღალდები, ხოლო 6-თვიან ფასიან ქაღალდებს მთლიან საშინაო ვალდებულებებში 7.4% უჭირავს. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9.1%-ია. გარდა ამისა, გამოშვებული სახაზინო ვალდებულებების მფლობელებს შორის 86.5% არის საქართველოს მოქალაქე, დანარჩენი 13.7% კი არარეზიდენტი.
როგორ ხდება ვალის მომსახურება
ვალის მომსახურების გრაფა შეგვიძლია რამდენიმე მიმართულებად დავყოთ. არსებობს დაუყონებლივ გადასახდელი ვალების გრაფა, რომლის დაფარვაც პირველ რიგში უნდა მოხდეს. შემდეგ მოდის ერთ წლის განმავლობაში დასაფარი ვალის გეგმა, რომელიც იყოფა კვარტალებად. მაგალითად, საქართველომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სულ 1,067.8 მლნ დოლარი გადაიხადა საგარეო ვალებში, მეორე კვარტალში 972.5 მლნ დოლარი მესამე კვარტალში 902.3 მლნ დოლარი, ხოლო წლის ბოლოს მთავრობა 1,606.6 მლნ დოლარის საგარეო ვალს დაფარავს.
რაც შეეხება მომავალ წელს, საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ სახელმწიფო ვალი GDP-ის 60%-ზე ქვემოთ ჩამოვიდეს. 2021 წელს მთავრობა 1,088.9 მლრდ დოლარის საგარეო ვალს დაფარვას გეგმავს, საშინაო ვალის კი 1,448 მლრდ ლარის.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე