ევროპარლამენტმა ევროკავშირის 7-წლიანი ბიუჯეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
1.8 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტსა და კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის პაკეტს, რომელზედაც ევროკომისიამ შეთანხმებას თვის დასაწყისში მიაღწია, ევროპარლამენტის 548 წევრმა დაუჭირა მხარი, 81 წინააღმდეგი იყო, ხმის მიცემისგან კი თავი 66-მა შეიკავა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დევიდ სასოლიმ განაცხადა, რომ ეს არის "ისტორიული ბიუჯეტი ისტორიული მომენტისთვის", რომელიც საფუძველს უყრის "უფრო მწვანე და სამართლიან ევროპას".
ცნობისათვის, 1.8 ტრილიონი ევროს პაკეტი მოიცავს მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოს (MFF) - ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტს, რომლის მოცულობა 1.1 ტრილიონ ევროს შეადგენს, 750 მილიარდი ევრო კი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას მოხმარდება.