„ინფექციის გავრცელების შეჩერება შევძელით, პირველად ბოლო თვეების განმავლობაში 17 ათასზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებით ინფექციის გავრცელება შეჩერებულია. როგორც გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, პირველად ბოლო თვეების განმავლობაში 17 ათასზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს, რაც მთავრობას ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას აძლევს.

„მოგეხსენებათ, დღეს მე-20 დღეა 28 ნოემბრიდან, როდესაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების შესახებ ქვეყანაში, დღეს ჩვენ შეგვიძლია, როგორც გარდამავალი შედეგი განვაცხადოთ, რომ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება, ტემპების შეჩერება, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ციფრები მიუხედავად ტესტირების პრინციპულად გაზრდილი რაოდენობისა ინფიცირების რაოდენობა შედარებით სტაბილურია. უფრო მეტიც, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველად ბოლო თვეების განმავლობაში 17 ათასზე მეტი ტესტის პირობებში ინფიცირების 3 ათასზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას. რამეთუ ეს არის პირველი შედეგი, პირველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, როცა ჩვენ ვამბობდით , რომ პირველი ამოცანა გახლდათ გავრცელების სისწრაფის შეჩერება, რაც ჩვენ მოვახერხეთ“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, დღეს, როდესაც ინფექციის გავრცელება ევროპაში ახალ რეკორდებს ამაყარებს, როდესაც ევროპული სახელმწიფოები სულ უფრო ამკაცრებენ საახალწლო შეზღუდვებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი იყოს პასუხისმგებლიანი და გონივრული.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს გარდამავალი მცირედი მიღწევა, შედეგი, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს, მოხუცებს და ქრონიკული დაავადებების მატარებლებს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, სამწუხაროდ, ევროპის ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი რეკორდები მყარდება, ისეთი რეკორდები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არ ყოფილა. ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ასევე კომპანიებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ პირველ რიგში, საახალწლო დღეებშიც“, - განაცხადა გახარიამ.