„OECD-ის რეიტინგში, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები თანაბარ პირობებში აყენებს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ასევე უცხოელ ინვესტორებს"

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის რეიტინგში საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით მე-8 ადგილზეა.

როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ორგანიზაციის შეფასებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები თანაბარ პირობებში აყენებს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ასევე უცხოელ ინვესტორებს.

„მინდა გითხრათ სასიხარულო შეფასების შესახებ, რომელიც გააკეთა OECD-მა - ეს გახლავთ ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია, აღნიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა, უფრო კონკრეტულად, ჩვენ დავიკავეთ მე-8 ადგილი 82 ქვეყანას შორის. ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ დღეს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები თანაბარ პირობებში აყენებს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ასევე უცხოელ ინვესტორებს, ეს არის სერიოზული მიღწევა, თუმცა, ასევე გვაქვს რეკომენდაცია, გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები და შევიმუშავოთ ერთიანი სტრატეგია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის. ეს დავალება ეკონომიკის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული და ამაზე ისინი მუშაობენ”,- განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრა, სადაც აღნიშნა, რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 4.3% იქნება.

„გარდა ამისა, გუშინ შედგა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-7 შეხვედრა. ამ განხილვის დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მიღწევები ეკონომიკის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მთავრობის მიერ მიღებული ბიზნესის და კონკრეტული კომპანიების მხარდაჭერის გეგმა. აღნიშნული იქნა, რომ საქართველოს შემდგომი 2021 წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 4.3% იქნება. თუმცა აღნიშნული იქნა ასევე, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები და ასევე ყურადღება უნდა გავამახავილოთ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესრულების დისციპლინაზე. ეს თითოეულ ჩვენგანს ესხება, რადგან ითვალისწინებს როგორც ხარჯვით, ასევე საშემოსავლო ნაწილს. აუცილებელია, რომ 2021 წელი - ეკონომიკური წელი უაღრესად ფრთხილად და გონივრულად გავატაროთ. ეს არის ის ეკონომიკური, სწრაფი პოსტკიზისული აღდგენის პოტენციალი, რომელიც უნდა შევუნარჩუნოთ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ასევე მინდა გაგახსენოთ, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კრიზისული პანდემიის პირობებში ეკონომიკური კრიზისული პროგრამა დაამტკიცა და ეს იყო შესაძლებლობა დონორი ორგანიზაციებისგან მიგვეღო სწრაფად დახმარება”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.