თბილისში გაზის კომერციული ტარიფი არ გაიზრდება

ბიზნესისთვის გაზის კომერციული ტარიფი არ გაიზრდება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, სამინისტროს ჰქონდა კონსულტაცია კომპანიასთან და „მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ მოქმედი ტარიფი არ გადაიხედება, არ შეიცვლება“, - აღნიშნა თურნავამ.

„ჩვენი კონსულტაციები ასე დასრულდა და კომპანია გაზს არ გააძვირებს. შეიძლება ბიზნესს ეზრდებოდეს ხარჯები, მაგრამ ამავე დროს ხედავდეს, რომ გადახდისუნარიანობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. თუკი ნებისმიერი ბიზნესი ჩახედავს შიდა რესურებს, ალბათ, შეუძლია ყოველთვის გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები. ამ ეტაპზე, ასეც მოხდა“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ 3-იანვრიდან „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში გაზის კომერციული ტარიფის ზრდას ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით, 86 თეთრიდან 1.1 ლარამდე გეგმავდა. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობას 7-მა ბიზნეს-ასოციაციამ განცხადებით მიმართა და მოთხოვა, რომ პანდემიის პირობებში კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა მომხდარიყო.