„პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომლებიც ითვალისწინებს დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ მანდატებს"

პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება - შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესითაა შესული, რომლის შესახებაც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

„პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ გუშინ პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ.„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად კი, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს.

გარდა ამისა, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნულ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე რეაგირებისათვის. ბუნებრივია, 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი „საარჩევნო კოდექსი“ საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის აწესებს, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს. შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად. ღრმად გვწამს, რომ აღნიშნული კანონპროექტი, კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად, წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებასა და ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას“, - განაცხადა კობახიძემ.