ნათია თურნავას ინფორმაციით, სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 113,7 მილიონი დოლარის ოდენობით მორიგი დახმარება დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, საქართველოსთვის მორიგი დახმარება 113,7 მილიონი დოლარის ოდენობით დაამტკიცა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სავალუტო ფონდისთვის სანდო პარტნიორია. “საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი აღმასრულებელი საბჭოს სხდომა შედგა, დასრულდა საქართველოს მორიგი მიმოხილვა, ძალიან დადებითი შეფასება მიიღო საქართველოში გატარებულმა რეფორმებმა, ასევე კოვიდპანდემიასთან ბრძოლის ეფექტურმა სტრატეგიამ. აღინიშნა, რომ მომავალი წელი იქნება ეკონომიკის აღდგენის წელი და გაიზრდება სულ მცირე 4,3%-ით ჩვენი ეკონომიკა და შედეგად სავალუტო ფონდმა დაამტკიცა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში მორიგი დახმარება საქართველოსთვის 113,7 მილიონი დოლარის ოდენობით და შეგახსენებთ, რომ საქართველო არის დიდი ხნის ტრადიციული და სანდო პარტნიორი სავალუტო ფონდისთვის და სავალუტო ფონდის მხარდაჭერა არის ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ ჩვენ როდესაც დაგვჭირდება დონორთა საზოგადოება დაგვეხმარება ჩვენ, როგორც ეს მოხდა პანდემიის დაწყების ეტაპზე”, - განაცხადა თურნავამ.