კორონავირუსი - როგორ აღნიშნავენ შობა-ახალ წელს ევროპის ქვეყნები

შობისა და ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ევროპის ქვეყნების ხელისუფლება იძულებულია რთული და არაპოპულარული გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, გამოწვეულია კორონავირუსით. ხელისუფლებები ყველანაირად ცდილობენ არ ჩაშალოს არდადეგები და ამავე დროს, არ გაიზარდონ ინფექციის გავრცელების რისკი - წერს „ბიბისი“.

დიდი ბრიტანეთი: საშობაო შანსი

23-დან 27 დეკემბრამდე ბრიტანეთში სპეციალური რეჟიმის შემოღება გადაწყდა. მოიხსნა სამოგზაურო შეზღუდვები, ადამიანებს საშუალება აქვთ სახლში სტუმრები მიიღონ უფრო მეტიც, სურვილის შემთხვევაში, ისინი ღამით დატოვონ. თუმცა სტუმრების რაოდენობა შეზღუდულია. ბრიტანეთში დახურულ სივრცეში გამართულ წვეულებას შეუძლია ოჯახიდან მხოლოდ სამი ადამიანი დაესწროს, შოტლანდიაში 8 შეკრება ადამიანს შეუძლია.

შეკრება შესაძლებელია ღვთისმსახურების დროს და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, მაგრამ მათი შემადგენლობა არ უნდა შეიცვალოს.

16 დეკემბრიდან ლონდონში ბარები და რესტორნები ნაწილობრივ დაიხურნენ, საკვების გატანა შესაძლებელია, ადგილზე დარჩენა კი აკრძალული. სპორტული და სხვა საზოგადოებრივი ობიექტების უმეტესობა დაიხურება.

ნიდერლანდები: ხუთ კვირანი “ლოკდაუნი“

პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ 15 დეკემბრიდან 19 იანვრამდე ქვეყნის მასშტაბით მძიმე “ლოკდაუნი“ გამოაცხადა. დაიხურა ყველა მაღაზია, კინოთეატრი, სილამაზის სალონები და სპორტული დარბაზები. 15 დეკემბრიდან დაიხურა სკოლებიც.

მოქალაქეებს ურჩევენ მარტის შუა რიცხვებამდე საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. თუმცა საშობაო პერიოდში შეზღუდვები ოდნავ შესუსტდა. სახლებში შესაძლებელი იქნება არა ორი, არამედ სამი სტუმრის მიღება, 13 წლის ასაკამდე ბავშვების ჩათვლით.

მკაცრი შეზღუდვების დაწესება ვირუსის უკონტროლო გავრცელებამ გამოიწვია. დღეში 10 000-ზე მეტი ინფიცირებულის მაჩვენებლით.

მრავალი ქალაქის ხელისუფლებამ მოქალაქეებს სთხოვა შაბათ-კვირას საშობაო შოპინგისგან თავი შეეკავებინათ, მაგრამ მაღაზიები მაინც გადავსებული იყო.

შვედეთი: ქვეყანამ პანდემიის ახალი ტალღა ვერ შეაფასა

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა შტეფან ლეუვენმა აღიარა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ, მეორე ტალღის შესაძლო შედეგები ვერ შეაფასა.

სტატისტიკის თანახმად, ნოემბერში დაიღუპა 8 088 ადამიანი, რაც ესპანური გრიპის შემდეგ, შვედეთში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობაა. ესპანური გრიპი მსოფლიოში 1918-1920 წლებში მძვინვარებდა.

წელს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 320 098 შემთხვევა და 7514 გარდაცვალება დაფიქსირდა - ეს მაჩვენებლები ბევრად მაღალია, ვიდრე სკანდინავიის სხვა ქვეყნებში.

შემოდგომაზე ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე თანამშრომლების უდიდესი ნაწილი ინფიცირებული იყო, ამის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა მკაცრი ზომები გაეტარებინა.

იტალია: შობა ჩახუტებისა და კოცნის გარეშე, მაგრამ კომენდანტის საათი

მას შემდეგ, რაც მარტის შემდეგ იტალიაში კორონავირუსებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი რიცხვი დაფიქსირდა, პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ თანამოქალაქეებს ურჩია "ფხიზელი შობისთვის მოემზადონ, ჩახუტებისა და კოცნის გარეშე".

ქვეყნის მრავალ რეგიონში ნაწილობრივი ჩაკეტვა დაინერგა. 21 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით რეგიონებში მოგზაურობა აკრძალულია. ამას გარდა იმოქმედებს კომენდანტის საათი, სამედიცინო ან სხვა გადაუდებელი საჭიროების გარეშე შობასა და ახალი წლის დღეს ხალხი გადაადგილებას ვერ შეძლებს.

კომენდანტის საათი დაწესებულია 22:00 საათიდან 05:00 საათამდე.

საფრანგეთი: შობის დღეს ნებადართულია მოგზაურობა

შეზღუდვების ნაწილი საფრანგეთში 15 დეკემბერს მოიხნსა, მაგრამ ბევრი მკაცრი ზომები კვლავ ძალაში რჩება.

თუ ადრე სახლიდან ნებისმიერი გასასვლელისთვის საჭირო იყო წერილობითი ან ტექსტური ნებართვის მიღება, ახლა ეს გაუქმებულია, მაგრამ კომენდანტის საათი 20:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს. თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბარები და რესტორნები კვლავ დახურულია.

ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით სათხილამურო კურორტები არ გაიხსნება. ამან მაღალმთიანი რეგიონების მერების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი ჩივიან, რომ მრავალი თვის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ფინანსები ფუჭად დაიხარჯა. მაკრონი პირობას დებს, რომ კურორტებს იანვარში გახსნის.

გერმანია: მძიმე “ლოკდაუნი“

გერმანიაში შობის დროს მძიმე “ლოკდაუნი“ მოქმედებს. ეს გამოწვეულია ბოლო კვირების განმავლობაში ახალი ინფექციების და სიკვდილიანობის რაოდენობის მკვეთრი ზრდით.

16 დეკემბრიდან 10 იანვრამდე ყველა სკოლა და არასასურსათო მაღაზიები დაიხურება. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, საშობაოდ შოპინგი ინფექციის გავრცელებას მკვეთრად გაზრდის.

ახლა ქვეყანაში არსებობს წესი, რომლის თანახმად, ორი ოჯახი იმ შემთხვევაში შეიძლება შეიკრიბოს ერთად, თუ ადამიანთა რაოდენობა 5-ს არ აღემატება. მაგრამ შობას, ადამიანები შეძლებენ მიიღონ 4-მდე ახლო ნათესავი სხვადასხვა ოჯახიდან. ამაში არ ითვლებიან 14 წლის ასაკამდე ბავშვები.

ბანკები და მაღაზიები, რომლებიც საჭირო საქონელს ყიდიან, ღია იქნება, ასევე შესაძლებელია ნაძვის ხეების გაყიდვა. გერმანიის მასშტაბით საშობაო ბაზრებისა და ფოიერვერკების მაღაზიების უმეტესობა დახურულია.

ავსტრია: ნებაყოფლობითი ტესტირება და დახურული სასტუმროები

ქვეყნის მასშტაბით მეორე ჩაკეტვა ავსტრიაში, 7 დეკემბერს, დასრულდა. მაღაზიები და საწარმოები, რომლებიც საქონელს ყიდიან და მომსახურებას ახორციელებენ, ღიაა. ამასთან, ბარები და რესტორნები მხოლოდ “გატანის რეჟიმში“ მუშაობენ, ტრადიციული საშობაო ბაზრები კვლავ დაკეტილია.

სასტუმროებში მხოლოდ ის ხალხია განთავსებული, ვინც ქვეყანას ეწვევა, ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, სადაც 10000 მოსახლეზე 100-ზე მეტი ინფიცირებულია (გერმანიისა და იტალიის ჩათვლით), ავსტრიაში ჩასვლისთანავე უნდა დაიცვან 10-დღიანი კარანტინი.

ხელისუფლებამ შეიძნა 7 მილიონი ტესტი და ქვეყნის მასშტაბით ნებაყოფლობითი ტესტირება მიმდინარეობს.

ესპანეთი: მოკლე მოგზაურობები

ესპანეთის მთავრობამ 23 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით, ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის ღონისძიებები უკვე დაამტკიცა, თუმცა, ვითარების გართულებისთანავე, ზომები გამკაცრდება.

რეგიონებში მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუ იქ ნათესავი გყავთ. ახალი წლის აღსანიშნავად შეკრება შესაძლებელია, მაგრამ 10-ზე მეტი ადამიანის არა.

შობის ღამესა და ახალი წლის ღამეს კომენდანტის საათი 01:30 საათამდე გადაიწევს.

სერბეთი: სავალდებულო ტესტირება ტურისტებისთვის

კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის ზრდის ფონზე, ქვეყნის ხელისუფლებამ ქვეყანაში ჩასული ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სავალდებულო PCR ტესტი განაახლა. ასეთი რეჟიმი 20 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.

სერბეთის მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ ქვეყანაში შესვლა ტესტის გარეშე, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ 10-დღიანი იზოლაციის გავლა მოუწევთ.

პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსის 270 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დაახლოებით 2400 ადამიანი გარდაიცვალა. ტესტირებულია 2 მილიონზე მეტი ადამიანი.

საჯარო ღონისძიებები აკრძალულია, მაგრამ სკოლები კვლავ ღიაა და მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები ნაწილობრივ გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, ბავშვების უმეტესობა სკოლაში დადის.

საახალწლო და საშობაო არდადეგების დროს, ხელისუფლება აპირებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ყველა დადგენილი წესისა და აკრძალვის დაცვას.

გავხსნათ თუ არა - სათხილამურო კურორტების შესახებ მოსაზრებები იყოფა

ბევრი ევროპელი საშობაო არდადეგებს სათხილამურო კურორტებზე ატარებს, მაგრამ ამ საკითხზე ხელისუფლებების მოსაზრებები იყოფა.

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში სამთო- სათხილამურო კურორტები უნდა ჩაიკეტოს. პოზიციას იზიარებენ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები, რომლებიც სეზონის გადადების მიზნით ევროპის ქვეყნებს შორის ხელშეკრულების დადებასაც კი ცდილობდნენ.

ეს ალპებისა და დოლომიტების ბევრ კურორტს მილიარდობით დოლარს დააკარგინებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მკაცრად გააკრიტიკეს ეს პოზიცია.

ავსტრიამ სხვა გზა აირჩია და გადაწყვიტა, რომ 24 დეკემბრიდან დამსვენებლებს საშუალება ექნებათ დეზინფიცირებული და უსაფრთხო თხილამურებით ისარგებლონ. თუმცა გაქირავების სერვისი აკრძალულია და სრიალი მხოლოდ საკუთარი თხილამურებით არის შესაძლებელი.

თეონა რამაზაშვილი