პანდემიის გამო განსაკუთრებულად დაზარალებული ტურისტული ინდუსტრიის დასახმარებლად საქართველოს მთავრობამ მორიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მათი საბანკო სესხების პროცენტის სუბსიდირებას ითვალისწინებს იმის მიუხედავად, რამდენად დროულად გადაიხდიან თავიანთ წილ კონტრიბუციას. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ შევიტანეთ კიდევ ერთი დაზუსტება, რომლის ინიციატორებიც იყვნენ ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროები და მათთან გვქონდა შეხვედრა, მაგრამ ვაკეთებთ მთლიანად ტურისტული ინდუსტრიისთვის. კერძოდ, დღემდე ჩვენი სესხის პროცენტის თანადაფინანსება მათ ერიცხებოდათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი თავის წილ კონტრიბუციას გადაიხდიდნენ. ეს ხშირად იყო რთული, განსაკუთრებით დღეს, როდესაც საბრუნავი საშუალებები შეზღუდული აქვთ და ზოგს საერთოდ არ აქვს შემოსავალი. ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვა მოვხსენით და სუბსიდია მათ ჩაერიცხებათ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დროულად გადაიხადეს თანამონაწილეობის წილი,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.