სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება გზავნილია ინვესტორებისთვის, რომ საქართველო არ უხვევს მაკროეკონომიკური სტაბილურობის გზას,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დამტკიცების თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, არამედ ქვეყნისთვის გამოხატული მხარდაჭერის კუთხითაც.
„როგორც იცით, ჩვენ პანდემიის დაწყებისთანავე დავიწყეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რათა შეგვექმნა ფისკალური და მაკროეკონომიკური ე.წ. ჩარჩო რომელსაც ემყარება ქართული ეკონომიკა პანდემიის პერიოდში და საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ფონდთან წარმატებით დაასრულა ამ თემაზე მოლაპარაკებები. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ცალსახად აღნიშნავს, რომ ნაბიჯები, რომლებიც სახელმწიფომ გადადგა როგორც ბიზნესის მხარდაჭერის, ისე სოციალური ღონისძიებების თვალსაზრისით, იყო დროული და ადეკვატური და ეს არის ჩვენი სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის აღიარება“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ, რომლის კომენტარსაც ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს,
შეგახსენებთ, რომ სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვა დაასრულა და საქართველოსთვის 113.9 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა.