რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა, იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რასაც უწყებამ 2020 წარმატებით გაართვა თავი.
მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ წელს რაჭაში განვითარებული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამინისტრო - გზების დეპარტამენტი და წყალმომარაგების კომპანია პირველივე დღიდან აქტიურად ჩაერთო. მისი თქმით, ამ ეტაპზე დასრულებულია პირველი ეტაპის სალიკვიდაციო სამუშაოები და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო და პრევენციული ღონისძიებები. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, სტიქიის ზონაში ჩატარებული ყველა სამუშაოს ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარზე მეტია.
„პანდემიით გამოწვეული კრიზისი, ბუნებრივია, სამინისტროზეც აისახა და მისი ბიუჯეტი 251 მილიონი ლარით შემცირდა 2 მილიარდ 78 მილიონი ლარიდან. თუმცა, ამის მიუხედავად, პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში, მოვახერხეთ და არ შეგვიჩერებია არცერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი, მეტიც, სპეციალური ნებართვებით შევძელით უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა და დღესაც, არსებული გამოწვევების მიუხედავად, თითოეულ ობიექტზე დაცულია როგორც შრომითი უსაფრთხოების პირობები, ასევე კონტრაქტორებისა და მომუშავე პერსონალის უსაფრთხოება. ამ პროცესში, დღეს გადაჭარბებით ვასრულებთ ბიუჯეტს. წლის ბიუჯეტი 101%-ით არის შესრულებული. ეს წელი იყო განსხვავებული, მაგრამ ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის იყო წარმატებული. პანდემიის მიუხედავად, შევძელით განგვეხორციელებინა 6000-ზე მეტი პროექტი, რომელშიც 1300-ზე მეტი კომპანია და 31 ათასი ადამიანი იყო ჩართული და მათთვის ეს იყო შემოსავლის მიღების წყარო“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.