ვის დაენიშნება „რემდესივირი“ - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „რემდესივირის“ გამოყენება მხოლოდ ჰისპიტალიზირებულ პაციენტებზე მოხდება.

მისივე განმარტებით, პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ბინაზე და კოვიდ სასტუმროებში, „რემდესივირის“ გამოყენება აკრძალულია.

„არის გარკვეული მოლოდინი და საფრთხე იმისა, რომ უცებ, ყველამ არ მოინდომოს „რემდესივირის“ გაკეთება, რაც შეუძლებელი იქნება ელემენტარულად, ლოჯისტიკურადაც. მინდა ყველამ იცოდეს, რომ „რემდესივირი“ არ არის საჭირო ყველა ავადმყოფისთვის, უფრო მეტიც, ავადმყოფების ნაწილისთვის ის წინააღმდეგ ნაჩვენებია და არ შეიძლება მისი გაკეთება ისევე, როგორც ყველა სხვა მედიკამენტის. ვის სჭირდება „რემდესივირი“? დავიმახსოვროთ კარგად, პაციენტებმაც და პირველ რიგში, ექიმებმაც. „რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არიან ჰოსპიტალიზირებულები. ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე და სასტუმროში მყოფ პაციენტებთან ის არ ინიშნება, აკრძალულია. „რემდესივირი“ ენიშნება მხოლოდ იმ პაციენტებს, ვინც არის ჟანგბადდამოკიდებული, ან ვისაც იმდენად მძიმე ფორმა აქვს, რომ მას ჟანგბადის მიწოდება სჭირდება. თუ პაციენტს არ სჭირდება ჟანგბადის დამატებით მიწოდება, მას არც „რემდესივირი“ არ სჭირდება. ჟანგბადის მიწოდების რამდენიმე ფორმაა. „რემდესივირი“ იმ პაციენტებს სჭირდება, ვისაც ჟანგბადი მიეწოდება ნიღბით ან ე.წ მაღალი ნაკადით, რომელიც ყველაზე ეფექტიანი და კარგი საშუალებაა ჟანგბადის მიწოდების პაციენტებისათვის”, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, „რემდისივირი" ეფექტურია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე.

"გულის დაწყვეტა ნუ გვექნება და ნუ შევაწუხებთ, მათ შორის ავადმყოფის ახლობლები ექიმებს. პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში წევს და ინტუბირებულია, მასზე „რემდისივირის" გამოყენება არ შეიძლება, წინააღმდეგ ნაჩვენებია. იქნება ეს დავძლიოთ. ვერ ვცდით, იმიტომ, რომ მსოფლიო წამყვანი ორგანიზაციები ამას უარყოფენ. გარდა ამისა, "რემდისივირი" ეფექტურია ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზე. შემდეგ თუ გავაკეთებთ, ფაქტობრივად, ტყუილად გავაკეთებთ", - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით „რემდესივირი“ კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალო პროცესში ორშაბათიდან ჩაერთვება.