პანდემიის დროს არ შეჩერებულა არცერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი და მნიშვნელოვანია, რომ გადაჭარბებით სრულდება 2020 წლის ბიუჯეტი. 11 თვის მონაცემებით, უკვე ათვისებულია ბიუჯეტის 101.4%, რაც 166 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა სამინისტროს საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, წელს მიმდინარეობდა 6000-მდე პროექტი, რომელზეც მუშაობდა 1300-ზე მეტი კონტრაქტორი კომპანია და 31 000 ადამიანი.
„2021 წლის ბიუჯეტი სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება და 551 მილიონ 300 ათასი ლარით ანუ 30%-ით გადააჭარბებს 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი ტრადიციულად საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. 37%-ით გაიზრდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დაფინანსება, გაგრძელდება რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების სამუშაოები. წყალმომარაგების სისტემების განვითარების მიზნით, 69%-ით გაიზრდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი და 347 მილიონ ლარს გადააჭარბებს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, კახეთის, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში 30 მილიონი ლარით დაფინანსდება სხვადასხვა პროექტი.
2021 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ბიუჯეტი კი 280 მილიონი ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდს, მისი მეშვეობით, სხვადასხვა პროფილის პროექტი კვლავ 20 მილიონი ლარით დაფინანსდება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კი წინა წლების მსგავსად 40 მილიონი ლარი იქნება.