ჩვენი ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურას ხმარდება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა უწყების წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„ეს არის საერთაშრისო ჩქაროსნული მაგისტრალების პროექტები, რაშიც წელს განსხვავებულად წარმატებული შედეგები გვქონდა და უკვე ყველანი ვსარგებლობთ ამ გზებით. წარმოდგენილი პროექტების - რიკოთის მაგისტრალის, ბათუმის და გურჯაანის შემოვლითი გზების, გრიგოლეთი-ჩოლოქის, ასევე სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის დასრულების შემდეგ კი, სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ, სადაც ბევრად უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ შევძლებთ გადაადგილებას,-აღნიშნა მან.
მისი თქმით, ახალი მაგისტრალების ამოქმედება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ვაჭრობის და იმ რეგიონების განვითარებას, სადაც გზები გაივლის.
მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად განაგრძობს მუშაობას რეგიონების წყალმომარაგების გაუმჯობესების მიმართულებით.
„წყლმომარაგების პროექტები არის ერთ-ერთი რთული გამოწვევებით სავსე მიმართულება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონებში მცხოვრები ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა წვდომა ხარისხიან სასმელ წყალსა და 24 საათიან წყალმომარაგებაზე. 2020 წელს ქუთაისში, ზუგდიდში, ჭიათურაში და სხვა ლოკაციებზე შევძელით მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა წყალი 24 საათით და ასევე გაგვეუმჯობესებინა გრაფიკი. წელს დაწყებული არაერთი პროექტი 2021-2022 წლებში დასრულდება“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 2020 წელს, მნიშვნელოვანი პროექტები დაასრულა ტურისტული, სპორტული და განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.