ქართულ კომპანიებს, სამწუხაროდ, დიდი პროექტების განხორციელების გამოცდილება ჯერ არ აქვთ, როცა საუბრი ეხება რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოს, ჩვენ უნდა გვქონდეს გარანტია, რომ პროექტი შესრულდება დადგენილ ვადაში და კარგი ხარისხით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უსაფუძვლოა პრეტენზიები იმის შესახებ თუ რატომ ვერ მონაწილეობენ ქართული კომპანიები მასშტაბურ პროექტებში.
„ბევრ და მათ შორის მასშტაბურ პროექტში სწორედ ქართული კომპანიები მონაწილეობენ, მაგალითად - ქუთაისის შემოვლითი გზის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაში, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება. რაც შეეხება რიკოთის მონაკვეთს, ამ პროექტებში ინვესტიციას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დებენ და ტენდერებიც მათ მიერ დადგენილი წესების შესაბამისად ტარდება“ , - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილის განცხადებით, ტენდერების კონკრეტულ კომპანიებზე მორგების შესახებ სპეკულაციები ხშირად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებია, ხოლო თუკი ასეთი კონკრეტული მაგალითი არსებობს, ყველა ვალდებულია რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს მიმართოს.
მაია ცქიტიშვილმა დღესვე უპასუხა საქართველოში პოლონეთის ელჩის კრიტიკას საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის ჩინური კომპანიების შერჩევასთან დაკავშირებით.
„სამწუხაროდ, 2016 წლის შემდეგ არცერთ პოლონურ კომპანიას მონაწილეობაც კი არ მიუღია არც ერთ ტენდერებში. რაც შეეხება სხვა ევროპულ კომპანიებს, ისინი რა თქმა უნდა, მონაწილეობენ ტენდერებში, მაგრამ ყველა საერთაშორისო კონკურსი, როგორც უკვე აღვნიშნე, ხორციელდება დამფინანსებლი ორგანიზაციის წესების შესაბამისად, ევროკავშირი არის ძალიან ბევრი პროექტის დამფინანსებელი საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გერმანიის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკი და მრავალი სხვა ჩვენი პარტნიორი, თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს განსაზღვრული, რომ მაინცდამაინც ევროკავშირის ან ამა თუ იმ ქვეყნის კომპანიმ უნდა მიიღოს ან არ მიიღოს მონაწილეობა ტენდერში. პირიქით, სატენდერო პირობებით არის დაცული კონკურენცია და გამჭვირვალე პროცესში იმარჯვებს კომპანია, რომელიც გვთავაზობს საუკეთესო კომბინაციას ფასისა და ხარისხის. ასევე, დონორების სავალდებულო პირობაა კომპანიების სათანადო გამოცდილება და ფინანსური შესაძლებლობა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დიდი სურვილია, რომ სამშენებლო ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა და გაიმარჯვონ ძლიერმა ევროპულმა კომპანიებმა, რასაც ღია კონკურენციის პირობებში, ეს კომპანიები ხშირად ვერ ახერხებენ, თუმცა სასიხარულოა, რომ ევროპული კომპანიები იმარჯვებენ სამუშაოების ზედამხედველი კომპანიების ტენდერებში და თანამშრომლობა ამ მიმართულებით სასარგებლოა.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურისა და რეგიონულიგანვითარების სამინისტრო ავრცელებს.