2020 წელს პოლიციის მიერ დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 152 კიბერდამნაშავე

საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღკვეთისათვის აუცილებელ საერთაშორისო სტანდარტებს და 2020 წელს საქართველო კვლავ პირველ კალათშია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, 2020 წელს პოლიციის მიერ დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 152 კიბერდამნაშავე,

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა. მინდა აღვნიშნო, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღკვეთისათვის აუცილებელ საერთაშორისო სტანდარტებს და 2020 წელს საქართველო კვლავ პირველ კალათაშია. რაც შეეხება კიბერდანაშაულს, მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნეში ვითარდება და იხვეწება თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები და იზრდება კიბერდანაშაულის სახეობაც. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, მთელი მსოფლიო ამ გამოწვევების წინაშე დგას.

2020 წელს პოლიციის მიერ დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 152 კიბერდამნაშავე. შეგახსენებთ, სულ ახლახან, ევროპოლთან და ინტერპოლთან თანამშრომლობით, ჩვენმა პოლიციელებმა უპრეცედენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. მასში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყებები, დაკავებულია კრიმინალური ქსელის 20 წევრი, მათ შორის, ქართველებიც, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონ ევროს ათეთრებდნენ. ამ ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. ჩვენი მხრიდან ამ ოპერაციაში ჩართული იყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი“, - განაცხადა გომელაურმა.