წელს, ჯამში 12 ახალი შენობა ავაშენეთ, მომავალი წლისთვის კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, მშენებლობა და ინფრასტრუქტურული პროექტები არამარტო სასაზღვრო პოლიციაში, არამედ სხვა სამსახურებშიც მიმდინარეობდა.
"წელს, ჯამში 12 ახალი შენობა ავაშენეთ, მათ შორის: ავჭალაში გავხსენით დროებითი მოთავსების იზოლატორი და ადმინისტრაციული პატიმრებისთვის განკუთვნილი დაწესებულება. ორივე შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თითოეული დაკავებულისთვის უზრუნველყოფილია სათანადო პირობები; წალენჯიხაში გავხსენით პოლიციის ახალი შენობა; პანკისში, სოფელ ძიბახევში აშენდა პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობა; ბაკურიანსა და რუსთავში გავხსენით პოლიციის ახალი შენობები; თბილისში, მომსახურების სააგენტოში გაიხსნა იარაღების სარეგისტრაციო ახალი შენობა, ხოლო რეგიონებში - ქუთაისსა და ბათუმში განახლდა ინფრასტრუქტურა; მაისში მცხეთაში გაიხსნა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი. მოგეხსენებათ, ცენტრი ერთი სარკმლის პრინციპით 50-მდე საპოლიციო სერვისს ახორციელებს; შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკი 2020 წელს განახლდა 320 ახალი ავტომანქანით;
რაც შეეხება საგზაო უსაფრთხოებას, სულ ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებულია 4 696 ვიდეოკამერა და 251 სიჩქარის კონტროლის სექცია, რის საფუძველზეც ჯამურად კონტროლდება 1 100 კმ. სიგრძის საგზაო მონაკვეთი; მომავალი წლისთვის კვლავ გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. აშენდება ახალი შენობები და განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა", - აღნიშნა გომელაურმა.