რუსეთმა საბაჟოზე ხორბლის ექსპორტი გაართულა - ექმნებათ თუ არა პრობლემები ქართულ კომპანიებს

რუსეთში ხორბლის ექსპორტიორებს პრობლემები ექმნებათ. როგორც რუსული „კომერსანტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, საბაჟო სამსახურმა ტვირთების შემოწმების ვადა 10-დღემდე გაზარდა.

გამოცემის ინფორმაციით, პრობლემებია როგორც რკინიგზაზე, ასევე პორტებში. ერთ-ერთი ვერსიით, ეს პირდაპირ კავშირშია მთავრობის იმ გადაწყვეტილებასთან, რომელიც 2021 წლის 15 თებერვლიდან ამოქმედდება და რომელიც ეხება ექსპორტის კვოტირებას და გადასახადის დაწესებას.

„ბიზნსპრესნიუსი“ დაინტერესდა, ექმნებათ თუ არა პრობლემები რუსეთიდან ხორბლის შემოტანისას ქართულ კომპანიებს. როგორც ჩვენთან საუბრისას ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანიის „სერვისაგროს“ დირექტორმა ბესო ჯიქიამ განაცხადა, რუსეთიდან ხორბლის შემოტანაზე ამ დრომდე რაიმე ტიპის დაბრკოლება არ შექმნიათ.

,,ჩემს კომპანიას, ყოველდღიურად შემოაქვს ხორბალი რუსეთიდან. ამ დრომდე, არ შეგვქმნია არანაირი პრობლემა. ხორბლის საქართველოში იმპორტზე ჯერჯერობით, ბარიერი არ არსებობს.

მოგეხსენებათ, რუსეთს 15 თებერვლიდან დაანონსებული აქვს კვოტირება ხორბლის რეალიზაციაზე და ასევე გადასახადის 25 დოლარით ზრდა, ერთ ტონა ხორბალზე. ამიტომაც, ყველა კომპანია ცდილობს, ჰქონდეს დიდი ოდენობით მარაგი. მსოფლიოში ხორბლის ფასი წელს ისედაც გაზრდილია და კიდევ რომ არ მოგვიწიოს ფასის მატება, ჩვენც ვცდილობთ მარაგები შევივსოთ. შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ იმპორტს და საბაჟოზე პრობლემები არ გვქონია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ბესო ჯიქიამ.

თამარ მუკბანიანი