ბინები, მიწის ნაკვეთები - რა ქონებას ფლობს ეკონომიკის მინისტრი და მისი ოჯახი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 30 ნოემბერს შეავსო. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მინიტრმა დაკავებულ თანამდებობაზე, გასულ წელს ხელფასის სახით - 69 048 ლარი მიიღო.

რაც შეეხება ნათია თურნავას უძრავ-მოძრავ ქონებას, მის საკუთრებაშია: 2020 წელს საჩუქრად გადაცემული 63,3 კვ.მ ბინა დედაქალაქში. ასევე, საჩუქარია 130,79 კვ.მ ბინა თბილიში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც 2003 წელს გადაეცა. მინისტრმა 2010 წელს შეიძინა ავტოფარეხი და ბინა თბილისში, რაშიც ჯამში - 66 400 აშშ დოლარი გადაიხადა. 2016 წელს კი, საჩუქრად გადაეცა 1615 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ არაშენდაში.

გარდა ამისა, ნათია თურნავას მეუღლის, დავით ვეშაპაძის სახელზეა: 2020 წელს საბანკო სესხით შეძენილი, 207 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, რომლის ღირებულბა 75 000 აშშ დოლარს შეადგენს; ამავე მიწაზე არსებული 320 კვ.მ დაუმთავრებელი ბინა, რაშიც 2018 წელს 239 746 ლარი გადაიხადა.

დავით ვეშაპაძემ 2011 წელს შეიძინა ორი მიწის ნაკვეთი სოფელ ჰერეთისკარში, რომლის ჯამური ღირებულება 50 000 აშშ დოლარია. 2015 წელს კი, 380 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში (ზემო ვაკის შესახვევი I), რაშიც 100 000 აშშ დოლარი გადაიხადა. მინისტრის მეუღლეს 2008 წელს საჩუქრად გადაეცა 63,3 კვ.მ ბინა თბილისში. 2017 წელს კი, ბინა შეიძინა ბათუმშიც, რომლის ღირებულება 69 880 ლარია. ამასთან, დავით ვეშაპაძის სახელზეა 2011 წელს შეძენილი ავტომობილი Mercedes Benz ML class 2011, რომლის ღირებულება 43000 აშშ დოლარია.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ნათია თურნავა ფლობდა: „საქართველოს ბანკის“ საბარათე ანგარიშზე - 120,44 აშშ დოლარს, "თი–ბი–სი ბანკის“ საბარათე ანგარშზე - 411,23 ევროს, 8 908 ლარს და 499,32 დოლარს.

აღსანიშნავია, რომ ნათია თურნავა არის შპს სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრი საქართველოს 15%-ანი წილის მფლობელი და სს კონსტანტა საქართველოს აქციონერი.

ნინი ქეთელაური