GIAM ჯგუფის ქობულეთის საკონსერვო ქარხნის მიერ წარმოებული მანდარინის კონცენტრატის თითქმის 100% ექსპორტზე გადის.
როგორც ქარხნის დირექტორმა რევაზ გოგიტიძემ EastFruit-თან საუბრისას განაცხადა, პროდუქტის ძირითადი საექსპორტო ბაზრები იაპონია და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები არიან. გარდა ამისა, საქართველოში წარმოებული მანდარინის კონცენტრატით კოკა-კოლას ქარხნის რუსეთის ფილიალი დაინტერესდა.
GIAM Group ქარხანა, რომელიც ქობულეთში მდებარეობს, 2012 წლიდან ფუნქციონირებს. საწარმოს გააჩნია სამი ხაზი, ეს არის: კონცენტრირებული ხილის წვენები, ხილის პიურეები და სტანდარტული მანდარინის გადამუშავება.
ამჟამად, საწარმოსთვის მთავარი პროდუქტი არის მანდარინის კონცენტრატი, რომელის მისაღებადაც ქარხანა საათში 15 ტონა სიმძლავრით მუშაობს. უკვე მზა პროდუქტი კი, 200-ლიტრიან ჭურჭელში თავსდება.
კომპანიას აქვს ISO 22000 სტანდარტის სერტიფიკატი. ასევე, კოშერის სერტიფიკატი თავისი პროდუქციისთვის.
წელს GIAM საკონსერვო ქარხანა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული, ფერმერებისგან არასტანდარტული მანდარინის შესყიდვის სუბსიდირების პროგრამის ერთადერთი მონაწილეა. აღნიშნულის ფარგლებში, დღემდე ქარხანამ უკვე შეიძინა და დაამუშავა 2 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი. თუმცა, სეზონის ბოლომდე კომპანია 6 ათას ტონაზე მეტი ნედლეულის შეძენას გეგმავს.
როგორც რევაზ გოგიტიძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე კომპანიის მნიშვნელოვანი ამოცანაა შეიძინოს საცალო შეფუთვის ხაზი, ბუნებრივი წვენების წარმოებისთვის, რაც პროდუქციას უფრო მომგებიანს გახდის.
რევაზ გოგიტიძის თქმით, კომპანიამ უკვე შეარჩია შესაფერისი იტალიური წარმოების თანამედროვე აღჭურვილობა. მაგრამ მისი ღირებულება 1.5 მილიონი ევროა, რისი რესურსიც ამ ეტაპზე კომპანიას არ გააჩნია. ახლა კომპანია მზად არის დაფაროს მხოლოდ ნახევარი. საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომლებსაც GIAM ჯგუფი მიმართავდა, ამხელა თანხის მიღება შეუძლებელი იყო.
კომპანიის დირექტორი იმედოვნებს, რომ საწარმოს განვითარებაში სახელმწიფო გარკვეულწილად დახმარება.
”იქნებ სახელმწიფო დაგვეხმაროს ნებისმიერ ფონდთან კომუნიკაციის დამყარებაში. თავის მხრივ, ქარხანა მზად იქნება გაათავისუფლოს რეგიონალური ბიუჯეტი არასტანდარტული მანდარინის შეძენის სუბსიდირებისგან და შესაბამისი პროგრამით განსაზღვრულ თანხას გადაუხდის ფერმერებს. ჩვენ ამ წინადადებით მივმართეთ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელსაც ვთხოვეთ, შუამავლის როლი შეესრულებინა მაღალ ორგანოებში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საკითხი წარმატებით გადაწყდება ”, - აღნიშნა რევაზ გოგიტიძემ.