კორონავირუსით ინფიცირებულ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი სამჯერ მეტია, ვიდრე სეზონური გრიპით დაავადებულებში, - ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული კვლევითი სააგენტოს მიერ დაფინანსებულ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც ჟურნალ Lancet Respiratory Medicine-ში გამოქვეყნდა.
კვლევა მიმდინარე წლის მარტ-აპრილში საფრანგეთში ჰოსპიტალიზებული 89 530 კოვიდინფიცირებული პაციენტისა და სეზონური გრიპით ინფიცირებული იმ 45 819 პაციენტის მონაცემებს ეფუძნება, რომლებიც ქვეყნის საავადმყოფოებში 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის თებერვლის ბოლომდე პერიოდში იყვნენ მოთავსებული.
ჰოსპიტალიზებული პაციენტების 16.9%-ი კვლევის პერიოდში დაიღუპა, რაც თითქმის სამჯერ მეტია გრიპის ვირუსით დაინფიცირებულ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში დაფიქსირებულ სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, რომელიც, კვლევის თანახმად, 5.8%-ს შეადგენს.
ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ ჰოსპიტალიზაცია კორონავირუსით ინფიცირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების მხოლოდ 1.4%-ს დასჭირდა, სეზონური გრიპით ინფიცირებულ ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი 19.5%-ია.