იაპონურ ფინანსურ გამოცემა „ნიკეის“ ინფორმაციით, კომპანია Apple მომავალი წლის პირველ ნახევარში, საკუთარი აიფონების გაყიდვას 30 პროცენტით, 96 მილიონამდე გაზრდის. ამ ცნობის გავრცელებას, ამერიკული კომპანიის აქციების მორიგი მკვეთრი ზრდა მოჰყვა.
ინფორმაციის წყარო, რომლის ვინაობასაც „ნიკეი“ არ ამხელს, იტყობინება, რომ Apple-მ თავის პარტნიორ მიმწოდებლებს, 95-96 მილიონი აიფონისთვის საჭირო მაკომპლექტებელი ნაწილები შეუკვეთა. შეკვეთაში მოხვდა ნაწილები, რომლებიც უახლესი iPhone 12-ის, ასევე უფრო ძველი iPhone 11-ის და SE-ს წარმოებისთვის არის საჭირო. იმავე წყაროს ცნობით, ამ მოცულობით ტელეფონების წარმოებას შესაძლოა, ხელი იმ გარემოებამ შეუშალოს, რომ მიწოდების სფეროში, ძირითადი კომპონენტების დეფიციტი შეინიშნება.
Apple-მ აიფონების გაყიდვების მოცულობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ორი წლის წინათ შეწყვიტა. მაგრამ ანალიტიკოსები მოელიან, რომ მალე ბაზარზე გაიზრდება მოთხოვნა იმ მობილურებზე, რომლებსაც 5G დიაპაზონში ოპერირება შეუძლია.
„ნიკეის“ ინფორმაციით, Apple მომავალ წელს მობილური ტელეფონების წარმოების 230 მილიონამდე გაზრდას გეგმავს, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 20 პროცენტით მეტია.
ამერიკული კომპანია ამჟამად Apple TV მოდელზე მუშაობს და იმავდროულად, 2021 წლისთვის მომხმარებელს უამრავ სიახლეს პირდება.