რუსთავში მცხოვრებ 600-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

რუსთავში მცხოვრებ 600-ზე მეტ ოჯახს, წლების განმავლობაში დაკავებული საცხოვრებელი ფართები, საკუთრებაში გადაეცემა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის აქტიური ჩართულობით, ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, აუცილებელია ამ პროცესის უფრო დაჩქარებული და ეფექტური წესით წარმართვა „მე, როგორც რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, აქტიურად ვარ ჩართული აღნიშნულ პროცესში და მერიასთან და შესაბამის სამინისტროებთან ერთად სულ მალე წარმოვადგენ კონრეტულ გეგმას, თუ როგორ მოხდება მოკლე პერიოდში ეტაპობრივად აღნიშნული ფართების დაკანონება“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ქალაქის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული, მოსახლეობის ნაწილს უკვე გადაეცა დაკავებული ფართი საკუთრებაში, ეს პროცესი დაიწყო და შეუქცევადად გაგრძელდება.