აუდიტის სამსახური - 2019 წელს, სუს-ის მიერ ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლებისთვის პრემია - დანამატის მუხლებით 138 755 ლარია გაცემულია, თუმცა ხელშეკრულებების პირობებით მსგავსი უფლებამოსილება განსაზღვრული არ არის

2019 წელს, სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლებისთვის პრემიის და დანამატის მუხლებით ჯამურად გაცემულია 138,755 ლარი, თუმცა ხელშეკრულებების პირობებით მსგავსი უფლებამოსილება განსაზღვრული არ არის. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, ზემოთ აღნიშნულის შედეგად, წლის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის „საქონლისა და მომსახურების“ მუხლიდან 138,755 ლარის პრემიისა და დანამატის გადახდის ფაქტი სახელშეკრულებო პირობებს არ შეესაბამება.

აუდიტის ანგარიშის ქვეთავში - კონტროლის სისუსტეები აღნიშნულია, რომ სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არ მონაწილეობენ თავიანთი თანამშრომლებისათვის ხელფასების დარიცხვის პროცესში, რაც მინიმუმამდე შეამცირებდა გათავისუფლებული თანამშრომლისთვის ან გარეშე პირისთვის ხელფასის დარიცხვის რისკს.

„შრომის ანაზღაურება სამსახურში შრომის ანაზღაურების დარიცხვა წარმოებს ავტომატურად, სპეციალური პროგრამით, სადაც საბუღალტრო სამსახურის თანამშრომელს პირველადი მონაცემები მექანიკურად (ხელით) შეაქვს, რაც შრომის ანაზღაურების დარიცხვის საფუძველია. პროგრამაში ინფორმაციის შეტანის დამოწმება სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ოფიციალურად არ ხორციელდება. აქედან გამომდინარე, შრომის ანაზღაურების დარიცხვის პროცესში არსებობს მექანიკური შეცდომის რისკი, რომელსაც ვერ ფარავს შიდა კონტროლის არსებული მექანიზმები. დადგენილი არ არის სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის ოფიციალური ფორმა, არ არის შექმნილი შიდა კონტროლის დამატებითი მექანიზმები“, - აღნიშნულია ანგარიშში.

სამსახურის ფინანსურ ანგარიშგებაში „მომუშავეთა მიმართ სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების“ ანგარიშზე ორგანიზაცია აღრიცხავს თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების სახით ზედმეტად გაცემულ თანხებს.

„აღსანიშნავია რომ ანგარიშზე რიცხული ნაშთი წლების მანძილზე მზარდია და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 40,592 ლარს შეადგენს. აღნიშნულის მიზეზებია შემდეგი: თანამშრომლების გათავისუფლება გასული თარიღით, ეკონომიკური დეპარტამენტისთვის შესაბამისი ბრძანების დაგვიანებით გაგზავნა ან თანამშრომლების ხელფასის დარიცხვის თარიღის30 შემდეგ გათავისუფლება, რაც ძალოვანი უწყებებისთვის დამახასიათებელი პრობლემაა. მიუხედავად ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ განხორციელებული აქტივობებისა, ზედმეტად გაცემული თანხების სრულად დაბრუნება ვერ ხერხდება. ზემოაღნიშნულის შედეგად, „საშემოსავლო გადასახადის“ ანგარიშზე აკუმულირდება ზედმეტად გადახდილი თანხები. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღნიშნულ ანგარიშზე რიცხული ნაშთი 23,773 ლარამდე გაიზარდა. ვინაიდან აღნიშნული თანხის (23,773 ლარის) ჩათვლის მექანიზმი არ არსებობს, იგი ვერ აკმაყოფილების აქტივად აღიარების კრიტერიუმებს“, - ნათქვამია ანგარიშში.