რა პროექტებს ახორციელებს ივანიშვილის ფონდი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია

ბიძინა ივანიშვილი კვლავ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია.

„ბიზნესპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა იმ ტოპ-10 საწარმოს ჩამონათვალი, სადაც 2020 წლის მე-3 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ათეულში არის მათ შორის, შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია. ფონდი „ქართუს“ მისამართზე მდებარეობს. ამასთან, მისი 100%-იანი წილი პანამაში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება - FRANKSTON INTERNATIONAL S.A-ს ეკუთვნის, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ივანიშვილის საკუთრებაშია.

ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტებს შორისაა მათ შორის, "პარაგრაფ რიზორტი და სპა შეკვეთილში", ასევე სასტუმრო "პარაგრაფი აბასთუმანში"; სასტუმრო სიღნაღში; გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსი მწვანე კონცხზე; სასტუმრო განმუხურში; სასტუმრო და საოფისე შენობა ერეკლეს მოედანზე; სასტუმრო და გოლფ კლუბი თაბორზე; სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრი სოლოლაკში; სასტუმრო თავისუფლების მოედანზე.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის მე-3 კვარტალში 302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის მე-2 კვარტალის წინასწარ მონაცემებს 25.2 პროცენტით აღემატება.

თაია არდოტელი