2020 წლის ნოემბრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 167,9 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 335,7 ლარია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 335,7 ლარი საკმარისი.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო თვიურმა სამომხმარებლო ფულადმა ხარჯმა 2019 წელს - 223,4 ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულად ხარჯებში შედის - სურსათი, სასმელი, თამბაქო, ტანსაცმელი, განათლება, ფეხსაცმელი, ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი, გათბობა, ელექტროენერგია, საოჯახო მოხმარების საქონელი და სხვა.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენს ხარჯავს ადამიანი საშუალოდ თითოეულ მათგანზე, საქსტატის მონაცემებით, სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე 223,4 ლარიდან გათვალისწინებულია 84,5 ლარი, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - 9.3 ლარი იხარჯება, საოჯახო მოხმარების საქონელზე - 8 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 26.4 ლარია გათვალისწინებული, ელექტროენერგიასა და გათბობაზე კი - 28.8 ლარი, ტრანსპორტზე - 26,8, განათლებაზე - 6.2 ლარი, სხვა სამომხმარებლო ხარჯებზე კი - 33,4 ლარია გათვლილი.
აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით თუ გამოვიანგარიშებთ, გამოდის, რომ ოთხსულიანი ოჯახის შენახვა საქართველოში ყოველთვიურად საშუალოდ 893.6 ლარი დაჯდება. შეგახსენებთ, რომ აქ შედის მხოლოდ სამომხმარებლო ფულადი ხარჯები, რომელშიც იგულისხმება საკვები, სასმელი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და ა.შ.
რაც შეეხება შემოსავლებს, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2019 წელს საშუალო თვიური ფულადი შემოსავალი ერთ ადამიანზე 283,9 ლარი იყო. ცნობისთვის, ფულად შემოსავალში შედის - დაქირავებული შრომა, თვითდასაქმება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული თანხა, პენსია, გზავნილი და ა.შ.
შესაბამისად, თუ ოთხსულიან ოჯახში საშუალო ფულადი შემოსავალი (პენსია, გზავნილი, თვითდასაქმება და ა.შ.) მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს, ოჯახის შემოსავალი საშუალოდ 283,9 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოთხსულიან ოჯახს მხოლოდ სამომხმარებლო ხარჯების დასაფარად საშუალოდ 893.6 ლარი სჭირდება. შესაბამისად, გამოდის, რომ ოჯახში სამი საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანის მუშაობის შემთხვევაშიც კი, ფულადი შემოსავალი თვიურ სამომხმარებლო ფულად ხარჯზე ნაკლები იქნება.