ეკატერინე ტიკარაძე - შესაძლო რისკების დადგომის შემთხვევაში ყოველთვის გვაქვს ბერკეტი, რომ მივუბრუნდეთ მკაცრ შეზღუდვებს - ორი დღე გვაქვს, რომ ვიმსჯელოთ, რა სახის შეზღუდვები იქნება

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მისი უწყების რეკომენდაცია მაქსიმალურად მკაცრი შეზღუდვებია, თუმცა მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დაცვა, რომ ზიანი არ მიადგეს როგორც ადამიანის ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობას.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობას შესაძლო რისკების დადგომის შემთხვევაში ყოველთვის აქვს ბერკეტი, რომ მკაცრ შეზღუდვებს მიუბრუნდეს.

„ჩვენ ვატარებთ საკამოდ ფართომასშტაბიან კონსულტაციებს როგორც ბიზნესის, ასევე სამთავრობო წრეში და ყველა იმ ექსპერტთან, რომელიც ჩართულია როგორც ეპიდემიის მართვის, ასევე სხვა დანარჩენი რეკომენდაციების კუთხითაც. აქედან გამომდინარე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია კვლავ დარჩება მაქსიმალურად მკაცრი შეზღუდვები, თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ხშირად უჩნდებათ მენტალური პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მკაცრი შეზღუდვებია. აქედან გამომდინარე ჩვენს სტუმართან, ჰანს კლუგესთან ერთადაც ვისაუბრეთ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დაცვა, როდესაც ზიანი არ მიადგება როგორც ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას ინფექციის გავრცელების კუთხით, ასევე ადამინების მენტალურ ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა, ეკონომიკური საქმიანობის გადახედვაც უნდა მოხდეს. შესაძლო რისკების დადგომის შემთხვევაში ყოველთვის გვაქვს ბერკეტი, რომ მივუბრუნდეთ მკაცრ შეზღუდვებს. ჩვენ გვაქვს ორი დღე, რომ ვიმსჯელოთ, რა სახის შეზღუდვები იქნება”,- განაცხადა ტიკარაძემ.