კიდევ ვინ მიიღებს 300 ლარიან დახმარებას - კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე გაფართოვდა

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კიდევ უფრო გაფართოვდა ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. მათი ცნობით, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე.

“კერძოდ, პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, აღნიშნული ცვლილების თანახმად, მაინც მიიღებენ 300 ლარიან კომპენსაციას. დღევანდელი მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ, 73 600 განაცხადია დარეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენა 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

ამასთან, კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები, ნებისმიერი ვებ ბრაუზერის გამოყენებით, თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან https://eservices.rs.ge. ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები და ობიექტის მფლობელები. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.