გარემოს დაცვაზე რეგულაციების გამკაცრების მოლოდინში, Volkswagen-ი აჩქარებს პროექტს, რომელიც მასობრივი ბაზრისთვის, მცირე ზომის ელექტრომობილის წარმოებას ითვალისწინებს. რაც მთავარია, გერმანულ ავტოგიგანტს ეს ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების სწრაფად მზარდ სეგმენტში, ლიდერის პოზიციის მოპოვების საშუალებას მისცემს.
პროექტის კოდური სახელწოდებაა Small BEV (პატარა BEV-ბატერი ელექტრიკ ქარ). ის მოდელ Polo-ს ზომის ავტომობილის შექმნას ივალისწინებს, რომელიც მხოლოდ ელექტრული ძალური დანადგარით აღიჭურვება. ავტომობილის ფასი 20-25 ათასი ევროს ფარგლებში იქნება. ეს ნიშნავს, რომ ახალი ელექტრომობილი უფრო იაფი ეღირება, ვიდრე მოდელი ID.3 (ფოტოზე), რომელიც ბაზარზე სექტემბერში გამოვიდა.
„ფოლკსვაგენი“ ახალი ავტომობილის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. და ჯერჯერობით, მისი დებიუტის თარიღსაც და წარმოების ადგილსაც საიდუმლოდ ინახავს. იმავდროულად, კომპანია აცხადებს, რომ გამონაბოლქვზე ევროკავშირის რეგულაციების მზარდი გამკაცრების გამო, ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილ საწარმოო პროგრამაში, 2023 წლისთვის ჰიბრიდების და ელექტრომობილების წილის 60 პროცენტამდე გაზრდას აპირებს. ცნობისათვის, ეს წილი ამჟამად 40 პროცენტია.
გერმანულმა კომპანიამ ციფრული და ელექტრომობილების ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად, მომდევნო ხუთ წელიწადზე 73 მილიარდი ევროს საინვესტიციო პაკეტი გამოჰყო. ამ თანხის თითქმის ნახევარი, ელექტრული მობილურობის მიმართულებას მოხმარდება.
„ფოლკსვაგენის“ გეგმით, 2025 წლისთვის ელექტრომობილების წარმოების წლიურმა მოცულობამ 1.5 მილიონს უნდა მიაღწიოს.