დუბაისთან ახლოს, ზღვის სანაპიროდან 3 კილომეტრის მანძილზე 2008 წელს საკმაოდ უჩვეულო პროექტის მშენებლობა დაიწყეს. კომპანია Kleindienst Group-მა გადაწყვიტა ათობით ხელოვნური კუნძული შეექმნა, რომლებსაც მსოფლიოს რუკის ფორმა ექნებოდა.
პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ხელოვნური კუნძულების უმეტესობის აშენების შემდეგ პროექტი მოულოდნელად შეჩერდა, წელს კი მასშტაბური სამუშაოები განახლდა და მსოფლიოს რუკის ფორმის მქონე კურორტი საბოლოო სახეს მალე მიიღებს.
პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს The Heart of Europe წარმოადგენს, რომელსაც ევროპის კონტინენტის ფორმა აქვს. ის სულ 6 კუნძულისგან შედგება, სადაც 15 სასტუმრო განთავსდება. საერთო ჯამში The Heart of Europe ერთდროულად 4 000-მდე სტუმრის მომსახურებას შეძლებს.
ერთ-ერთ კუნძულს „შვედეთი“ ჰქვია, სადაც ვიკინგების გემის ფორმის 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. სასტუმროში საუნა, სპა ცენტრები და საცურაო აუზიც მოეწყობა. ამასთან კუნძულზე მდებარე ერთ-ერთი რესტორანი სტუმრებს შვედურ სამზარეულოს შესთავაზებს.
შვედეთის კუნძულზე ასევე მოეწყობა სპეციალური სივრცე, სადაც საკმაოდ დაბალი ტემპერატურა და ხელოვნური თოვლი იქნება.
კიდევ ერთი კუნძული იტალიის თემატიკის მიხედვით მოეწყობა და მასზე ფერადი სახლები იქნება წარმოდგენილი. კუნძულზე განთავსებული სასტუმროების უმეტესობა ოჯახური დასვენებისთვის იქნება განკუთვნილი.
„თაფლობის თვის კუნძული“ - ამ კუნძულს გულის ფორმა აქვს და ის ახლად შეუღლებული წყვილებისთვის იქნება განკუთვნილი.