იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფის მოსალოდნელი ზრდა, პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს, რადგან წარმოების 15% კომუნალურ გადასახადებზე მოდის - ამის შესახებ გორის საკონსერვო ქარხნის „კულას“ დირექტორმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
ივანე გოგლიძის თქმით, თავად თანამშრომლების რაოდენობა არ შეუცირებია, თუმცა პანდემიის გავრცელების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის გამო ბევრი ვერ ახერხებს სამსახურში მისვლას.
,, წარმოებაში ყველაფერი თვითღირებულებაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა მოიმატებს პროდუქციის ღირებულებაც, რადგან წარმოების 15%-მდე კომუნალურ გადასახადებზე მოდის, მით უფრო, ზამთრის პერიოდში, როცა ბევრი ძრავია საჭირო. კომუნალურ გადასახადებს ჩვენს სფეროში თვითღირებულების დიდი წილი უჭირავს. პანდემიის პირობებში არ არის მიზანშეწონილი მსგავსი ნაბიჯის გადადგმა და ელექტროენერგის ტარიფის მატება, რაზეც საუბარი მიდის. პირიქით, სხვადასხვა მექანიზმები უნდა ამუშავდეს ქართული წარმოების დასახმარებლად.
პანდემიის პერიოდში ჩვენც, როგორც ყველა საწარმოს, რა თქმა უნდა, პრობლემები შეგვექმნა. კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო ტრანსპორტი მოკლე სამუშაო დღის დადგენა ხდებოდა პირველი ტალღის დროს. ამ ეტაპზეც პრობლემა კვლავ ისაა, რომ ტრანსპორტი არ მუშაობს, ამის გამო, უკვე დასაქმებულთა დიდი ნაწილი ვერ ახერხებს მოვიდეს სამსახურში და ვმუშაობთ შეზღუდვებით. მე, არ შემიმცირებია თანამშრომელთა რიცხვი, თუმცა ჩემგან დამოუკიდებლად შემცირდა. ზოგი, როგორც აღვნიშნე, ტრანსპორტის შეზღუდვის გამო ვერ ახერხებს მოსვლას, ზოგი კი ინფიცირებული ან კონტაქტია”- განაცხადა გოგოლიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, „კულა“ ბაზარზე 2009 წლიდან არის. ამჟამად კომპანიას აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან იბარებს. საწარმოებში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.