აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვლის, რომ განახლებად ენერგიაზე სისტემური გადასვლა ამერიკაში ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამის შესახებ მან უილმინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს კრიზისი. სტიქიურმა უბედურებებმა, რომელიც გამოწვეულია კლიმატის ცვლილებებით, მილიარდობით დოლარის ზიანი მოგვაყენა. ჩვენი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ეტაპობრივ გადასვლას განახლებად ენერგიის წყაროებზე, მილიონობით ამერიკელისთვის გააჩენს ახალ სამუშო ადგილს. ამერიკას შეუძლია გახდეს მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი ამ სფეროსთან დაკავშირებული ტექნოლოგიის“ , - განაცხადა დემოკრატმა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ტექნოლოგიების განვითარება, რომელიც დაკავშირებული იქნება სუფთა ენერგიასთან, ამერიკას მისცემს საშუალებას გახდეს ლიდერი ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე. ბაიდენის განცხადებით, მის გეგმაში გაწერილია ელექტრომობილებისთვის 500 ათასი დამტენი სადგურის მოწყობა, ასევე ძალისხმევა, რომელიც მიმართული იქნება ფედერალურ უწყებებში დასაქმებულების ამ ტიპის ტრანსპორტზე გადასვლასთან.
„ეს ყველაფერი ჯამში, შექმნის 1 მილიონ სამუშაო ადგილს ამერიკის საავტომობილო ინდუსტრიაში“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა აგვსიტოში საპრეზიდენტო კამპანიის დროს წარმოადგინა საკუთარი კონცეფცია „აღვადგინოთ უკეთ, ვიდრე იყო“. ის ითვალისწინებს ეკონომიკის მასტიმულირებელ ზომებს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ავტოინდუსტრიაში და სუფთა ენერგეტიკის სექტორში, ახალ პროგრამებს ახალგაზრდებისთვის, ტრამპის დროს მსხვილი ბიზნესისთვის დაწესებული სატარიფო შეღავათების გაუქმებას. ივლისში კი „ბლუმბერგი“ წერდა, რომ ბაიდენის მიზანია ამერიკა 2035 წლისთვის სრულად გადავიდეს სუფთა ენერგიის წყაროებზე, რისთვისაც გეგმავს 4 ტრილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას მომდევნო ოთხ წელიწადში.