პანდემიის გამო, თბილისის მერიამ 2020 წელს დაგეგმილი 10-მდე პროექტი, მათ შორის დიდი გამზირების რეაბილიტაცია ვერ განახორციელა

პანდემიის გამო, თბილისის მერიამ 2020 წელს დაგეგმილი 10-მდე პროექტი, მათ შორის დიდი გამზირების რეაბილიტაცია ვერ განახორციელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, აღნიშნულის გამო, ჯამში საკუთარ შემოსავლებში კლება 159,5 მილიონ ლარს შეადგენს.

„პანდემიის გამო, 2020 წელს, თბილისის განვითარების ფონდმა ვერ განახორციელა შემდეგი პროექტები: ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია; მტკვრის სანაპიროს კავშირები; გუდიაშვილის ქუჩისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია; ინგოროყვასა და სულხან- საბას ქუჩების რეაბილიტაცია;

ასევე, ამავე მიზეზით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვერ განახორციელა გლდანის ტბის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვერ განახორციელა ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია; წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია; უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის ( ბაგები ) დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა; მარშალ გელოვანის გამზირის და მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოწყობა. ჯამში საკუთარ შემოსავლებში კლება შეადგენს 159,5 მილიონ ლარს“, - აღნიშნულია მერიის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.