კანადა, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, გაერთიანებული სამეფოდან ფრენებს 72 საათით წყვეტს, - მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გააკეთა.
„კანადაში დიდი ბრიტანეთიდან ყველა ავიარეისი აიკრძალება”, – აღნიშნა ტრუდომ.
მისი თქმით, კანადაში გაერთიანებული სამეფოდან კვირას ჩასული მგზავრები სავალდებულო სკრინინგს გაივლიან.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა კანადის მთავრობამაც, სადაც აღნიშნულია, რომ აკრძალვა სატვირთო ავიარეისებს არ ეხება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერების განმარტებით, არსებულთან შედარებით უფრო სწრაფად გავრცელებადია. აღნიშნულის გამო გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლაზე შეზღუდვები დააწესა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა, საფრანგეთმა, ბელგიამ, ირლანდიამ და თურქეთმა.