აშშ-ის კონგრესის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ 900 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ახალი ფინანსური პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიზანი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკისთვის დახმარების აღმოჩენაა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ფინანსური დახმარების ფარგლებში მოქალაქეები 600 აშშ დოლარს პირდაპირი ფულადი დახმარების სახით მიიღებენ, ამასთან, უმუშევრობისთვის დაწესებული კომპენსაცია კვირაში 300 აშშ დოლარით გაიზრდება.
ის ასევე მოიცავს რამდენიმე მილიარდ დოლარს მცირე ბიზნესისა და ჯანდაცვის სფეროს დახმარებისთვის. პაკეტში 25 მილიარდი აშშ დოლარი იჯარის გადასახადის დასაფარად დახმარების აღმოჩენის მიზნითაა გამოყოფილი.
”ბოლოს და ბოლოს, ჩვენ გვაქვს ორპარტიული მიღწევა, რაც ქვეყანას სჭირდებოდა”, - განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა „რესპუბლიკელმა“ მიჩ მაკკონელმა.
სენატის უმცირესობის ლიდერმა "დემოკრატმა" ჩაკ შუმერმა კი აღნიშნა, რომ პაკეტი კონგრესის ორივე პალატამ სწრაფად უნდა დაამტკიცოს. მისი თქმით, დემოკრატები უფრო მეტ დახმარებას მოითხოვენ მას შემდეგ, რაც არჩეული დემოკრატიული პრეზიდენტ ჯო ბაიდენი 20 იანვარიდან მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.
ფინანსური დახმარების პაკეტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, სავარაუდოდ, ორშაბათს უყრის კენჭს, ამის შემდეგ მას სენატში გაიტანენ. საბოლოოდ კი პაკეტს ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. აღნიშნული პაკეტი სიდიდით მეორე ფინანსური სტიმული იქნება ეკონომიკისთვის მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მარტში კონგრესმა 2.3 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის დახმარება დაამტკიცა.
ცნობისათვის, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 17 მილიონს, დაღუპულთა რიცხვმა კი 317 000-ს გადააჭარბა.