უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.
შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ისედაც არ შედის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ იმ 18 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებისთვის და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის შესაბამისი პირობებით დასაშვები იყო ქვეყანაში შემოსვლა, არც პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან საქართველოს ამ ეტაპზე არ აქვს.
„შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ბიზნესვიზიტორებს, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია დიდ ბრიტანეთში და ასევე, იმ 18 ქვეყნის ყველა მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელთათვის გარკვეული პირობებით დასაშვებია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობს როგორც ექსპერტებთან, სპეციალისტებთან, ეპიდემიოლოგიებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან, 24 დეკემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების როგორც მიზანშეწონილობაზე, ასევე ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებულ მკაცრ რეგულაციებზე.
„ყველა კარგად ვხედავთ, რომ 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა იქონია პირდაპირი გავლენა ინფიცირების გავრცელების შენელებასა და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე. შესაბამისად, როგორც ხელისუფლების, ისე კერძო სექტორისა და ჩვენი თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს და იმ ფასს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ამაში ყოველდღიურად იხდის. ამიტომ, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება გაცხადებული, მიიღება მაქსიმალური სიფრთხილით“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.