2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10, 202 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.6 პროცენტით ნაკლებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 3, 016 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (11.3 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 7,186 მლრდ აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია).
რაც შეეხება საექსპორტო პროდუქტებს, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 677.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 364.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 231.6 მლნ. აშშ დოლარით (7.7 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 680.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 494.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 451.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.3 პროცენტი).