საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ ბიუჯეტის ღიაობის ინდექსის (OBS) მიხედვით, ჩვენ კვლავ ვიმყოფებით სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების ხუთეულში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში, შეზღუდული რესურსების პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაღალბიუჯეტიანი პროგრამების და პროექტების ეფექტურობას. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ამ მიმართულებით დაგეგმილია რეფორმების განხორციელება.
„მსხვილი საბიუჯეტო პროგრამების ეფექტურობის შეფასება მოხდება მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის გამოყენებით, ხოლო მიღებული შედეგების საფუძველზე, თითოეული ეს პროგრამა დაკორექტირდება. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები შეფასდება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის მიხედვით და დაფინანსდება ყველაზე მაღალი სოციალური და ეკონომიკური შედეგების მქონე პროექტები“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ფისკალური რისკებისა და ვალის მართვის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ მომდევნო წლის პირველ ნახევარში, დამტკიცდება ახალი სტრატეგია, რომელიც გაზრდილი ვალის ეფექტურ მართვაზე იქნება ორიენტირებული.