„მომავალი წლიდან ფასების ეტაპობრივი გაზრდა მოგვიწევს“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია “ზედაზენის” გენერალურმა დირექტორმა კახა კოტრიკაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მეორე ტალღა დარგისთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, და ბოლო-მე-4 კვარტალში მინიმუმ 20-25%-იანი ანუ უხეში დათვლებით, 100 მილიონი ლარის კლება იქნება ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების დარგში.
„კორონავირუსის გამო ორ სხვადასხვა ვითარებაში მოგვიწია ყოფნა. პირველ 3 კვარტალში, პირველი ტალღის დროს სხვა პანდემიური მდგომარეობა გვქონდა, მეორე ტალღა კი უფრო მტკივნეული აღმოჩნდა დარგისთვის. მართალია, პირველი ტალღის დროს აკრძალვების შედეგად, სრულად გაჩერდა მათ შორის ჰორეკა სექტორი, რაც დიდი დარტყმა იყო დარგისთვის, რადგან დაახლოებით, ჩვენი პორტფელის 20% სწორედ ჰორეკა მიმართულებაზე მოდის. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ინფექცია რეალურად არ იყო გავრცელებული, ეს დააკომპენსირა მაღაზიებიდან ნავაჭრმა. ამიტომ წინა პერიოდი დარგმა მეტნაკლებად უმტკივნეულოდ გადაიარა.
რაც შეეხება მეორე ტალღას, მიუხედავად იმისა, რომ მომზადებულები ვართ, ამ პერიოდში გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსი უფრო გავრცელებულია, ადამიანები მაქსიმალურად ზღუდავენ ყველაფერს და ბევრ რამეზე უარს ამბობენ. ეს კი გავლენას ახდენს ჩვენს ინდუსტრიაზეც. ამიტომ მეორე ტალღა უკვე ძალიან გვტკივა, ბოლო-მე-4 კვარტალში ალბათ, მინიმუმ 20 -25%-იანი, ანუ უხეში დათვლებით, 100 მილიონი ლარის კლება გვექნება ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების დარგში. და ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ ეპიდვითარება არ გამოსწორდება ქვეყანაში. სხვანაირად ვერ ამოვავსებთ ამ დარტყმას და ვერ შევძლებთ, რომ ამ ყველაფერმა დარტყმა არ იქონიოს, იგივე თანამშრომლებზე, ბიუჯეტზე და ა.შ.,“-განაცხადა კოტრიკაძემ.
ამასთან, ქართული ლუდის კომპანიის დირექტორის განცხადებით, იმისათვის, რომ დარგი გადარჩეს, სექტორი მთავრობისგან დახმარების მოლოდინშია.
„მიმართვები გვქონდა ხელისუფლებასთან, საერთო წერილიც გავგზავნეთ მთავრობასთან, ბიზნესომბუდსმენთან, რომ გაგრძელებულიყო დარგის მხარდაჭერა, რადგან ეს ის დარგია, რომელიც ჯერჯერობით გადარჩა. დარგს ძალიან უჭირს ფასების შენარჩუნება, კურსები ძალიან გაზრდილია, კურსის მსგავსად რომ მოხდეს ფასში ასახვა, დარგი დაიღუპება, რადგან რეალიზაცია ძალიან შემცირდება. ამიტომ ჩვენ დარგს ჰქონდა მოთხოვნა, რომ ლუდის აქციზი გარკვეული დროით მაინც დაბრუნდეს 2015 წლამდე არსებულ აქციზის ნიშნულამდე, ანუ თუ ახლა აქციზის გადასახადი ლუდის ერთ გრადუსზე არის 12 თეთრი, მანამდე იყო 8 თეთრი. პასუხი არ გვაქვს ამ ეტაპზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფასები იზრდება მსოფლიო ბაზრებზეც, რაც გავლენას ახდენს ღირებულებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დარგის დასახმარებლად, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს,“-აღნიშნა კოტრიკაძემ.