,,წარმოების 50%-ზე მეტი ექსპორტზე გაგვაქვს“ - როგორ აისახა პანდემია  ,,კულას“ რეალიზაციაზე

აშშ, აზია, დსთ-ს ქვეყნები, ევროკავშირი - ეს არის ბაზრები, სადაც ,,კულა“ პროდუქციას ყიდის.

საკონსერვო ქარხნის დირექტორმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ არც საექსპორტო ბაზრებზე და არც ქვეყნის შიგნით რეალიზაცია არ შემცირებულა.

ივანე გოგლიძის თქმით, სამომავლო გეგმები პანდემიის დასრულებაზეა დამოკიდებული. იქამდე კი, ახალი პროდუქციის გამოშვებას კომპანია არსებული ბაზრების შენარჩუნებას არჩევს.

,,იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გადავამუშავებთ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და შემდეგ მისგან ვაწარმოებთ სხვადასხვა პროდუქციას, ასე თუ ისე, ხალხი მაინც ყიდულობს და მეტიც, იმარაგებს კიდეც განსაკუთრებით მწნილებსა და კონსერვებს. ასე რომ, გაყიდვებში კლება არ არის ქვეყნის შიგნით.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ჩვენ გავდივართ 25 ქვეყნაში - აშშ-ში, აზიაში, დსთ-ს ქვეყნებში, ევროკავშირში. ეს ჯამში წარმოების 50%-ზე მეტია. პანდემიის პერიოდში არც გაზრდილა და არც შემცირებულა მოთხოვნა და ექსპორტში სტაბილურ მაჩვენებლებს ვინარჩუნებთ.

პანდემიის პირობებში ვერ ვფიქრობთ ახალი პროდუქციის დამატებაზე. ჯობია, რომ ის პროდუქტები და ბაზრები შევინარჩუნოთ, რომელიც გვაქვს ათვისებული. მარტის შემდეგ, პოსტ პანდემიურ პეირიოდზე იქნება სამომავლო გეგმები დამოკიდებული“-აცხადებს გოგლიძე.

ინფორმაციისთვის, კომპანია „კულა“ აწარმოებს 250 დასახელების საკონსერვო პროდუქციას, რომლებიც ადგილობრივი ბაზრის გარდა, მსოფლიოს 25 ქვეყანაში იყიდება. „კულას“ საწარმოებში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი. „კულა“ ბაზარზე 2009 წლიდან არის. ამჟამად კომპანიას აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან იბარებს.

თამარ მუკბანიანი