ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ სრული დატვირთვით ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას. მისი თქმით, 2021 წლიდან 2026 წლამდე ეტაპობრივად მოხდება მსხვილი მომხმარებლების ბაზარზე გაყვანა მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით.
„ეს პროცესი შარშან დაიწყო და გაგრძელდება. პარალელურად, განხორციელდება შესაბამისი რეგულირებული სადგურების ეტაპობრივი დერეგულირება სიმძლავრეების მიხედვით. ხელი შეეწყობა ენერგოეფექტურობის გაძლიერებას. 2020 წელს მიღებული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე დაიწყება ენერგოეფექტურობის და სტანდარტების დანერგვა არსებული საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანაა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა, პირველ რიგში, უსაფრთხო, შეუფერხებელი მიწოდების თვალსაზრისით.
„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ ნეგატიური ფაქტორები მოსახლეობას და განსაკუთრებით, მის მოწყვლად ფენებზე ნეგატიურად არ აისახოს. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობა ახორციელებს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ამ მიმართულებით დამატებით ვგეგმავთ სოციალური დაცვის მექანიზმების ამოქმედებას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.