თბილისის აგრარულ ბაზრებში მანდარინი იაფდება. ამ დროისთვის, 1 კგ პროდუქტის ღირებულება 40 თეთრიდან იწყება, რაც გასულ კვირასთან შედარებით, 33%-ით ნაკლებია. მანამდე, მანდარინის მინიმალური ფასი 60 თეთრს შეადგენდა.
როგორც East fruit წერს, შედარებით მსხვილი მანდარინის შეძენა 1- 1,3 ლარად არის შესაძლებელი, რაც 13%-23%-ით იაფია გასული კვირის ფასებთან შედარებით. მანამდე, ამავე ხარისხის 1 კგ პროდუქტს 1.3-1.5 ლარად შეიძენდით.
რაც შეეხება რჩეულ მანდარინს, მისი ღირებულება არ შეცვლილა და სტაბილურად - 1 კგ 1.5-2 ლარი ღირს.
გამყიდველები ფასების შემცირებას მიწოდების ზრდას უკავშირებენ. მათი თქმით, მანდარინის სეზონი უკვე გაჩაღდა. ამას ემატება, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გამოცხადებული შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდა; არ ფუნქციონირებს სასაქონლო ბაზრები და სავაჭრო ცენტრები, რესტორნები ”take-out” რეჟიმში გადავიდნენ, კულტურული და გასართობი ღონისძიებები მხოლოდ ონლაინ ტარდება და ა.შ. შესაბამისად, დედაქალაქის სოფლის მეურნეობის ბაზრებზე მყიდველების ნაკლებობაა.
აქვე აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით, თბილისის სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე მაღალი ხარისხის მანდარინის წილი, წელს ბევრად მეტია.