მაია ბითაძე - ჩვენი მთავარი დაპირებაა ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სოფლად და ქალაქში

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, მმართველი გუნდის მთავარი დაპირება ქალაქსა და სოფელში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამის შესახებ ბითაძემ მე-10 მოწვევის პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით დასაბუთებული განაცხადი გაკეთდება.

„მაქვს ოთხი კითხვა და ერთი ქოლგის ქვეშ მინდა გავაერთიანო - ეს არის ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ განაცხადი, რომ 2024 წელს გავაკეთოთ დასაბუთებული განაცხადი ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით, და ასევე, ჩვენი მთავარი დაპირება არის ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება მათ შორის, სოფლად და ქალაქში. ჩემი კითხვები ეხება ჩვენი რესურსების რაციონალურ გამოყენებას და ეს განაცხადი არის ერთ-ერთი მთავარი, რომ მდგრადად უნდა მოხდეს რესურსების გამოყენება ისე, რომ ეკონომიკა განვითარდეს“,- განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თავმჯდომარემ.

ბითაძის შეკითხვები ასევე წიაღისა და წყლის რესურსების გამოყენებას, ასევე, საწარმოების მიერ საუკეთესო ტექნოლოგიების დანერგვას და ქალაქებში გარემოსდაცვით პოლიტიკას ეხებოდა.

„საქართველოში დაიწყო ფართომასშტაბიანი წიაღის რესურსის რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირის შემდეგ ამდაგვარი რამ არ მომხდარა, კითხვაა შემდეგი - რამდენად არის დაწყებული მუშაობა წიაღის მოპოვების სტრატეგიული განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, სადაც პარალელურად იქნება განხილული წიაღის შედეგად მოპოვებული რესურსის წვლილი ეკონომიკაში და ასევე, წიაღის მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრისა და მიწის შემდგომი რეკულტივაციის საკითხები, გვაქვს თუ არა ასეთი გრძელვადიანი გეგმა, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ასევე იმ კუთხით, ადგილზე უნდა შევინარჩუნოთ ჩვენ ბუნებრივი ლანდშაფტი, რადგან ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის საფუძველია. მეორე მსგავსი კითხვა მაქვს წყალთან დაკავშირებით - წყლის რესურსით ჩვენ მდიდრები ვართ, თუმცა, წყლის რესურსი საქართველოში და წყლის სააუზო მართვას კომპლექსურად თუ შევხედავთ, გამოიყენება მელიორაციისთვის, აუცილებელია ჩვენი ტყეების მდგრადი მართვისთვის, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის, აუცილებელია ენერგიის მისაღებად და თევზის რესურსის სწორი მართვისთვის. ერთის მხრივ, ეს საკითხები ურთიერთდაკავშირებული არ არის, თუმცა, გრძელვადიანი ხედვისთვის აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს სტრატეგიული განვითარების გეგმა წყლის რესურსების გრძელვადიან გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის, კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, იმიტომ, რომ გვაქვს მყინვარები, მოწყვლადია ბოლო დაკვირვებების შედეგად და პოტენციურად შესაძლებელია, რამდენიმე წლის შემდეგ არ გვქონდეს ის ხარჯი, რის მოლოდინიც გვაქვს, არის თუ არა ამაზე მუშაობა დაწყებული და რა ეტაპზე ვართ და რა ხედვა გვაქვს ამ მიმართულებით.

ასევე, კითხვა მექნება ლევან დავითაშვილთან, საწარმოებთან დაკავშირებით. ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ვალდებულებები, რომ საწარმოებმა საუკეთესო ტექნოლოგიები ეტაპობრივად დანერგონ - რა მდგომარეობაში ვართ ამ კუთხით და რა იგეგმება, იმიტომ, რომ ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით, პანდემიიდან გამომდინარე, თვითონ ეკონომიკაზე და ბიზნესზე, იმიტომ, რომ საკმაოდ ძვირი ღირს ის ტექნოლოგიები, რომელიც მათ ეტაპობრივად უნდა დანერგონ.

მეოთხე კითხვა ეხება იმ დერეგულაციას, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა, განსაკუთრებით, ქალაქებში გარემოს დაცვით პოლიტიკასთან დაკავშირებით, რამაც ძალიან თვალნათელი გახადა, რომ ურბანულმა განვითარებამ, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში, ადგილზე ცხოვრების ხარისხი რიგ შემთხვევაში, გააუარესა. მათ შორის, არასწორი სამშენებლო პოლიტიკის კუთხით, ადამიანებს, ელემენტარულად, მზის სხივი არ აქვთ, ხოლო ზედმეტი განაშენიანება მიწისქვეშა კომუნიკაციების, მათ შორის, მდინარეების გადატვირთულობას და დაბინძურებას იწვევს.

გარკვეული ნაბიჯები „ქართულმა ოცნებამ“ ამ კუთხით გადადგა, განსაკუთრებით დიდი ნაბიჯები გადაიდგა თბილისში ამ კუთხით და როგორია თქვენი ხედვა, რომ ის სამართლებრივი ცვლილებები, რომელიც ამ კუთხით თბილისში განხორციელდა, გავრცელდეს მთელ ქვეყანაზე და მათ შორის, დიდ ქალაქებში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ინტეგრირდეს გარემოს დაცვითი და სატრანსპორტო საკითხები“, - განაცხადა ბითაძემ.