პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, მარიამ ქვრივიშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას კითხვით მიმართა და 2021 წლისთვის მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებით და გეგმებით დაინტერესდა.
„ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ კორონავირუსმა საკმაოდ მძიმე ზეგავლენა იქონია განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებზე, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მმართველმა გუნდმა ძალიან ეფექტური და მიზნობრივი ინსტრუმენტები აამუშავა მეწარმეების ხელშესაწყობად და იმისთვის, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა მეტი დასაქმების ადგილი. რა გეგმა გვაქვს 2021 წელს და კონკრეტულად რა ბიუჯეტზეა საუბარი და აღნიშნული ბიუჯეტი რა დროით და რა ინსტრუმენტებით შეუწყობს ხელს მეწარმეების გაძლიერებას? მეორე კითხვა ახალ საინვესტიციო სტრატეგიას ეხება, რომელიც სამთავრობო პროგრამაშია წარმოდგენილი. საინტერესოა რას გულისხმობს ეს ახალი სტრატეგია? ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ეხება როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.