ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში, უფრო აგრესიული პრივატიზების პროგრამა ხომ არ დავიწყოთ? ეს მეტ სამუშაო ადგილსაც შექმნის და ბიუჯეტშიც თანხები გაჩნდებოდა, რაც ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს,- ასეთი კითხვით მიმართა პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, სოზარ სუბარმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას დღეს, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას უსმენდნენ.
ამასთან, სოზარ სუბარმა მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს, მაია ცქიტიშვილს და დაინტერესდა, პანდემიით გამოწვეული პრობლემების პირობებში რამდენად მოხერხდება დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების დადგენილ ვადებში დასრულება, ასევე, როგორ მოხერხდება ახალი პროექტების (თბილისი-წითელი ხიდი, თბილისი - სადახლო და თბილისი -საგარეჯო) დაწყება.
„ქვეყნის განვითარებისთვის ხერხემალია მსხვილი პროექტები, მაგრამ როცა კონკრეტულ სოფელში, კონკრეტულ მუნიციპალიტეტში მივდივართ, მათთვის მნიშვნელოვანია სოფლის გზა, სოფლის პრობლემები, წყალი და ასე შემდეგ. ახლა ბიუჯეტის განხილვასაც მალე დავიწყებთ და ერთი მტკივნეული პრობლემა ეს არის რეგიონული განვითარების ფონდის მკვეთრი შემცირება, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემას აგვარებს ყოველწლიურად ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელში. რა შანსები გვაქვს, მობილიზება მოვახდინოთ, რომ ეს კლება მინიმუმადე დავიყვანოთ, თუ სრულად ვერ აღმოვფხვრით?“, -მიმართა დეპუტატმა მაია ცქიტიშვილს.
სოზარ სუბარმა მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებთან ყურადღება მყარი ნარჩენების მართვაზე გაამახვილა.
„ეს არის ჩვენი საუკუნის თავის ტკივილი და პრობლემა, მყარი ნარჩენების მართვა. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული ლილოს ნაგავსაყრელი დღემდე აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას, სუნის გარდა იწამლება მიწისქვეშა წყლები. ბევრი გაკეთდა, რაღაც დონეზე მოწესრიგდა და ამ კონკრეტულ ნაგავსაყრელზე ნაკლებად მაქვს კითხვები, რადგან ვიცი, ქალაქის მერიას აქვს რაღაც პროექტები მის მოგვარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგადად რა ეტაპებზე ვართ, კიდევ რა ეტაპები უნდა გავიაროთ, როდის შევძლებთ ჩავთვალოთ, რომ დიდი ქალაქების პრობლემა მაინც არის მოგვარებული? ვლაპარაკობ გადამამუშავებელი საწარმოების შექმნაზე ამ მიმართულებით“,-განაცხადა მან.
დეპუტატი ასევე დაინტერესდა რეგიონებში სწრაფი ინტერნეტის საკითხით.
„რეგიონების განვითარება დღეს როგორც გზის გარეშეა შეუძლებელი, ისე სწრაფი ინტერნეტის გარეშე. თუ არსებობს განსაზღვრული დედლაინები, როდის შეიძლება დავფაროთ მთელი საქართველო?“- მიმართა მან მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს.