სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ხოლო პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.
ასეთი შინაარსის არის მუხლი, რომლის ასახვაც “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში იგეგმება. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები - ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი.
შესაბამისად, პარტიებს, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშვათ, კანონპროექტის ამოქმედების შედეგად, პროექტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება.
“პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ მიზნობრივად, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით განსაზღვრული კონსტიტუციურ სამართლებრივი ფუნქციის შესასრულებლად. პარტიების კონსტიტუციური ფუნქციაა, მონაწილეობა მიიღონ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში და უზრუნველყონ ხალხის პოლიტიკური ძალაუფლების რეალიზება. წარმომადგენლობით დემოკრატიაში აღნიშნულ ფუნქციას პარტიები არსებითად არჩევნებისა და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს − პარლამენტის მეშვეობით ახორციელებენ. პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესში ქმედითი და კონსტრუქციული მონაწილეობისთვის. იმ პირობებში კი, როდესაც პარტია ამ დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს და ქვეყნის მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს თვისებრივად უპირისპირდება, აწარმოებს პარლამენტის საბოტაჟს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ასრულებს კონტრპროდუქტიულ როლს და პრინციპულად ეწინააღმდეგება დაფინანსების სამართლებრივ ამოცანას“, - ნათქვამია საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პოლიტიკური პარტიების ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება განსაზღვრულია შემდეგი ოდენობით:
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ − 5,140,020.00 ლარი;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − 2,199,635.00 ლარი;
„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ − 240,000.00 ლარი;
„პროგრესი და თავისუფლება“ − 12,000.00 ლარი;
„საქართველოს რესპუბლიკური პარტია − 204,000.00 ლარი;
„ევროპელი დემოკრატები“ − 460,000.00 ლარი;
„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ − 939,925.35 ლარი;
„კანონი და სამართალი“ − 104,436.15 ლარი;
„ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ − 1,124,409.00 ლარი;
„ლელო საქართველოსთვის“ − 803,560.00 ლარი;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ − 1,043,120.00 ლარი;
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ − 289,710.00 ლარი