დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო სხვადასხვა მწარმოებელთან მუშაობს, რომ ვაქცინის გარკვეული დოზა ადრე მიიღოს.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ხელისუფლება ასევე ცდილობს სწრაფად მიიღოს ის ვაქცინები, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სერთიფიცირებას გაუკეთებს.
გარდა ამისა, გამყრელიძემ საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორის, ჰანს კლუგესა და მისი მოადგილის სტუმრობა შეაფასა. მისი თქმით, სტუმრებმა ლუგარის ცენტრი დაათვალიერეს, გაეცნენ მუშაობის პრინციპებს და შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯებიც დაისახა.
„საქართველოში კლუგეს პირველი ვიზიტია მისი დირექტორად არჩევის შემდეგ, აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობისაა, რამეთუ უკვე შემუშავებულია ევროპის რეგიონის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მომავალი 5 წლიანი პროგრამა, ქვეყნებთან მუშაობის სტრატეგია. აქედან გამომდინარე, შეხვედრები მაღალ დონეზე იმართება. ის ხვდება ქვეყნის პირველ პირებს, ჯანდაცვის მინისტრს და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. დღეს ვიზიტი დაავადებათა კონტროლის ცენტრში იყო. ჯანმრთელოების მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ბევრი პროგრამა დაავადებათა კონტოლის ეროვნულ ცენტრში მათი მხარდაჭერითა და მათთან თანამშრომლობით ხორციელდება. მათ გავაცანით ჩვენი მუშაობის ძირითადი მიმართულებები. ის ხედვები, რაც გვაქვს ინფექციურ დაავადებათა, ეპიდზედამხედველობის, ერთიანი ლაბორატორიული სისტემის, არაგადამდები დაავადებების მონიტორინგის, გარემოს და ჯანმრთელობის პრობლემებზე. ახლა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კოვიდის საკითხებზე და კოვიდთან ბრძოლაში დაავადებათა ცენტრის როლზე. განსაკუთრებით ხაზი გაესვა პერსპექტივას კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.