„2021 წლის ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ის ძირითადი პროგრამები, რომლებიც იძლევა შედეგებს და არის საფუძველი, რომ გვქონდეს ზრდა სოფლის მეურნეობაში”, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამინისტროს მიერ შემუშავებული მომდევნო წლების სტრატეგია ევროპულ პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია.
„სამინისტრომ შეიმუშავა 2021-2027 წლების სტრატეგია, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროპულ პოლიტიკასთან, ევროპულ მიდგომებთან და გულისხმობს სოფლად არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიმართულების, არამედ ეკონომიკის სხვა მიმართულებების განვითარებას. აქცენტი იქნება ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებაზე და ეკოსისტების შენარჩუნებაზე”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია შეიქმნა არსებული სტრატეგიების გამოცდილების და შედეგების, განხორციელებული რეფორმების და ევროკავშირის გამოცდილების საფუძველზე.