ყველა იმ პრობლემის მიუხედავად, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, 2021 წლისთვის 30%-ით იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, თუმცა ეს თანხაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა დაგეგმილი და სასურველი პროექტი დავაფინანსოთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჩქაროსნული მაგისტრალების დაფინანსების გაზრდა 36%-ით იგეგმება.
"ეს არის მიმართულება, რომლის განხორციელება მნიშვნელოვანია დიდი მიზნის მისაღწევად - 2024 წელს წარვადგინოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ამისთვის აუცილებელია, რომ ტრანსევროპული საერთაშორისო მაგისტრალების ნაწილი გავხდეთ. შესაბამისად, ამ პროექტების დაფინანსება არის გარდაუვალი, რის გამოც, სამწუხაროდ, გვიწევს გარკვეული პრიორიტეტების და დაფინანსების გადახედვა. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ 69%-ით იზრდება წყალმომარაგების კომპანიის დაფინანსება, რაც დამატებით 142 მილიონი ლარით მეტია წლევანდელ გეგმასთან შედარებით, 24%-ით კი იზრდება მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსება და ა.შ. ანუ, ჯამში სამინისტროს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იზრდება, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, არსებობს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ საბოლოო ეკონომიკური სურათი უკეთესი აღმოჩნდება, ვიდრე დღეს ჩანს, რაც რეგიონებში ბევრად მეტი პროექტის განხორციელებას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ნიშნავს. მაია ცქიტიშვილმა, დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ, მყარი ნარჩენების მართვის ინტეგრირებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტები შვიდ რეგიონში 2024 წლისთვის დასრულდება.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია არსებული ნაგავსაყრელების რეაბილიტაცია. ნარჩენების მართვის კომპანიამ უკვე დახურა 23 ძველი, საბჭოთა ტიპის ნაგავსაყრელი, 31 ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა კი გაგრძელდა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი არა მხოლოდ ჩვენის კომპანიის, არამედ თვითმმართველობების შესაძლებლობის გაზრდის თვალსაზრისითაც. მუნიციპალიტეტებს აქვთ როგორც ტექნიკის დეფიციტი, ასევ მართვის პრობლემები, განსაკუთრებით ტურისტულ რეგიონებში. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ნარჩენების მართვის კომპანია დაეხმარება გურიის რეგიონის შავი ზღვისპირეთს სისტემების აწყობაში, რაც გულისხმობს როგორც ინვესტიციას სპეციალური ტექნიკის შესაძენად, ასევე - ადამიანური რესურსის გაძლიერებას. ვნახოთ, რამდენად წარმატებული იქნება ეს პროექტი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.